შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს , - აღნიშნულს მოიცავს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მთავრობისთვის წარდგენილი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტი.
კანონპროექტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია, სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების ორგანიზება და მართვის გაუმჯობესება; სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა პასუხისმგებლობისა და მოვალეობების განსაზღვრა; უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირება და პრევენცია. ახალი კანონი განსაზღვრავს შრომის ბაზარზე არსებული დაწესებულებებისათვის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით ოპერირების ერთიან სტანდარტს.
უწყების ცნობით, შრომის ინსპექციას ენიჭება უფლება-ვალდებულება მძიმე, მავნე და საშიშროების შემცველ სამუშაოებზე ჩაატაროს შემოწმებები და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, აამოქმედოს სანქციები, რომელსაც კანონის განხილვა-მიღების დროს პარლამენტი განსაზღვრავს.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, კანონპროექტის მოქმედება გავრცელდება მძიმე, მავნე და საშიში პირობების მქონე სამუშაოებზე, რომელთა ჩამონათვალს კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. კანონპროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორებთან - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასა და ევროკავშირთან თანამშრომლობით შეიმუშავა.
სამინისტროს ინფორმაციით, შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული შეთანხმებით საქართველომ აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას. ცვლილებები საქართველოს კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ოთხიდან ცხრა წლამდე ვადაში. როგორც უწყებაში აცხადებენ, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება უმნიშვნელოვანესია ქვეყანაში შრომითი ურთიერთობების რეგულირებისა და დასაქმებულთა ფუნდამენტური უფლებების დასაცვად. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კანონის შემუშავებამდე და მის პარალალურად მთავრობამ არაერთი ნაბიჯი გადადგა ამ მიმართულებით, კერძოდ, 2013 წლის ივნისში შეიცვლა შრომის კოდექსი; კოდექსის ფარგლებში გაფართოვდა სამმხრივი კომისიის უფლება-მოვალეობები; 2014 წელს შეიქმნა შრომითი მედიაციის სამსახური და არაერთი შრომითი დავა დასრულდა წარმატებით; 2015 წლის მაისში შეიქმნა შრომის ინსექტირების დეპარტამენტი; როგორც სამინისტროში აცახდებენ, პარალელურად მიმდინარეობდა ( 2016 წლიდან აქტიურად ) ახალ კანონზე მუშაობა; ბოლო სამმხრივ კომისიაზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართა, მოხდა კანონპროქტის საბოლოო ვერსიაზე შეთანხმება და მხარეებს ბოლო შენიშვნებისთვის დაეგზავნა. უწყების ინფორმაციით, საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო ვალდებულება დაუახლოვოს საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას და ეს ვალდებულება აისახა „საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიისა და საქართველოს შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის 2015-2018 წლების სამოქმედო გეგმაში“.