საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „საქართველოს ბანკის“ მიერ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციების განთავსებას ქვეყნის წარმატებად და ეროვნული ვალუტისადმი ნდობის გამოვლინებად აფასებს.
„საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ბაზრებზე განათავსა 500 მილიონი ლარის ობლიგაციები. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის საერთაშორისო ბაზრებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ინვესტორები ენდობიან ეროვნულ ვალუტას. ეს არის სამწლიანი ობლიგაციები, 11%-ის შემოსავლიანობით და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან საერთაშორისო ბაზარზე, პირველად ისტორიაში ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაცია დაფიქსირდა. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურისკო განაკვეთი, ანუ ის განაკვეთი, რომლითაც მთავრობა სესხულობს, კიდევ უფრო დაბალი იქნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საერთაშორისო ინვესტორები ენდობიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ეს ნამდვილად დიდი მოვლენაა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მან მადლობა გადაუხადა „საქართველოს ბანკს“ და ყველას მიულოცა ეს წარმატება. კვირიკაშვილის თქმით, ეს რესურსი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინექცია საქართველოს ეკონომიკაში.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანხის მოზიდვა არ მოხდა უცხოურ ვალუტაში. მოხდა ეროვნულ ვალუტაში, ანუ ინვესტორმა, რომელიც ყიდულობს ამ ობლიგაციას, იცის, რომ მას გადაუხდიან ლარში. ეს არის ქვეყნის ნდობა, წინგადადგმული ნაბიჯი, რასაც გილოცავთ“, - დასძინა პრემიერ-მინისტრმა.