დავით ჭიჭინაძე - პარლამენტის მიერ ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით მიღებული კანონი არ სრულდება

ქვეყანაში კანონის არშესრულებამ სისტემური ხასიათი მიიღო - კანონისთვის გვერდის ავლა სხვადასხვა მეთოდებით ხდება

, - აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების“ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ყოველწლიური ანგარიშით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს უსმენენ.

უმრავლესობის დეპუტატმა ონლაინ-სესხებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სხვადასხვა გზების გამოყენებით, პარლამენტის მიერ ონლაინ-სესხებთან დაკავშირებით მიღებული კანონი არ სრულდება.

“გარდა ამისა, ჩვენ გვესმის, რომ ბანკებს არაპროფილური საქმიანობა აეკრძალა, მაგრამ მათ ნახეს გამოსავალი - შექმნეს ჰოლდინგი და ბანკი ჰოლდინგში გადაიტანეს. ამ რამდენიმე ხნის წინ მარეგულირებელმა გამოაცხადა, რომ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის გათვალისწინებით, ენერგეტიკულ კომპანიებში გენერირებისა და მიწოდების კომპანიები უნდა გაყოფილიყო. ესეც ფიქტიურად მოხდა. ჩვენს ქვეყანაში კანონის არშესრულებამ სისტემური ხასიათი მიიღო - სხვადასხვა მეთოდებით ხდება გვერდის ავლა. ჩვენ ან კანონის მიღების დროს ვუშვებთ შეცდომებს ან როცა კანონპროექტი შემოდის, წინასწარ არის ჩადებული ეს. ყველა ამ კანონისათვის გვერდის ავლა ძალიან საეჭვოდ ხდება“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

2017 წლის იანვრიდან ონლაინ სესხებსა და ბანკებთან დაკავშირებით ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის მიხედვით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. ონლაინ სესხების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით კი პირგასამტეხლო და ზედასაპროცენტო ზღვრის წლიური განაკვეთი 100%-ს არ უნდა აღემატებოდეს.