საერთაშორისო ინვესტორებმა საქართველოს და მის კორპორატიულ სექტორს ნდობა გამოუცხადეს, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
როგორც ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ბანკის“ მიერ ლარში დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვებას ისტორიული მოვლენა უწოდა.
„საერთაშორისო ინვესტორებმა პირველად საქართველოს ისტორიაში გამოუცხადეს ნდობა როგორც საქართველოს კორპორატიულ სექტორს, ასევე ქვეყანას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა „საქართველოს ბანკის“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ასევე დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი გილაური და ამავე ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე.
„საქართველოს ბანკმა“ 500 მლნ ლარის მოცულობის ევროობლიგაციების გამოშვების შესახებ განაცხადა, რაც პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო ობლიგაციები ადგილობრივ ვალუტაში განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 11%-ს შეადგენს, ხოლო ვადა - 2020 წლის ივნისამდეა. „საქართველოს ბანკის“ ლარით დენომინირებული ევროობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდება.
პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლარით დენომინირებული ევროობლიგაციების გამოშვება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ლარიზაციის მიმართულებით. მისი თქმით, აღნიშნული სტრატეგია ასევე ითვალისწინებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომლის აუცილებელი კომპონენტია ბაზარზე ქართული კორპორატიული სექტორის ეროვნული ვალუტით დენომინირებული გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდების ხელმისაწვდომობა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეროვნული ვალუტის ევროობლიგაციების გამოშვება ასევე ხელს შეუწყობს ლარის შემდგომ პოპულარიზაციას საერთაშორისო ინვესტორებს შორის, რაც მნიშვნელოვანია მათი ადგილობრივ ბაზარზე შემოსვლის თვალსაზრისით.
„რადგან უცხო ქვეყნის ინვესტორებმა გამოხატეს ნდობა პირველი ფასიანი ქაღალდის მიმართ, რომელიც საქართველოს კორპორატიული ბაზრის მხრიდან იყო განთავსებული, ეს ნიშნავს, რომ აუცილებლად მოხდება შემდგომი განთავსებები და საქართველოსა და მისი კორპორატიული სექტორის განვითარების კვალდაკვალ, ჩვენი ბაზრის მოცულობა გაიზრდება,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
„საქართველოს ბანკის“ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გარიგების დასრულება 2017 წლის 1-ელ ივნისს მოხდება. ობლიგაციები გამოიცემა და გაიყიდება გამოსაცემი ფასის 100%-ში. ობლიგაციების საკრედიტო რეიტინგებია: BB- (Fitch) და Ba3 (Moody's). აღნიშნული ტრანზაქციის ხელმძღვანელები J.P. Morgan და Renaissance Capital იყვნენ, თანახელმძღვანელი კი „გალტ ენდ თაგარტი“. ტრანზაქციის ხელმძღვანელებისა და კომპანიის იურიდულ მრჩევლები Dechert LLP და Baker & McKenzie LLP.