ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ინფორმაციით, 2016 წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 5%-ს შეადგენდა, 2017 წლისთვის 4%-ია, ხოლო 2018 წლიდან 3%-მდე მცირდება.
“მსგავსი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი იძლევა, რომელიც თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირებაზე 2009 წლიდან გადავიდა და მას შემდეგ პერიოდის წლიური ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი 3.4 პროცენტია”, - განმარტა კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე.
მან დღეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წელს 2.7% შეადგინა. გვენეტაძის განცხადებით, ეკონომიკის ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი მომსახურების დარგებს (1.5 პროცენტული პუნქტი) მიუძღვის, თუმცა ასევე მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული დარგების წვლილი.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიში მოისმინა, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარადგინა.