ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
კერძოდ, 2017 წლის მეორე კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსმა 29.0 ერთეულს მიაღწია, რაც წინა კვარტალთან შედარებით, 11.5 პუნქტით მაღალია. კვლევაში 59 დიდი და 152 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა.
კვლევის მიხედვით, ინდექსის ზრდა ძირითადად მიმდინარე მდგომარეობისა და მოლოდინების ინდექსის მნიშვნელოვანმა გაუმჯობესებამ განაპირობა.
კვლევის თანახმად, მკვეთრად გაიზარდა ბიზნესის ოპტიმიზმი. მოლოდინების ინდექსი თითქმის გაორმაგდა და 63.0 პუნქტს მიაღწია, რაც ქართული ბიზნესის განწყობის ინდექსის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. ინდექსის თანახმად, მომდევნო კვარტალში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოკითხული რესპონდენტების უმეტესობა მოელის.
გასაყიდი ფასების მოლოდინის ინდექსი მნიშვნელოვნად შემცირდა. სოფლის მეურნეობის დარგში მოღვაწე ბიზნესები მომდევნო კვარტალში საკუთარი პროდუქციის გასაყიდი ფასების ყველაზე დიდ ვარდნას პროგნოზირებენ.
ზოგადად ეკონომიკაზე მსხვილი ბიზნესები უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილი, ვიდრე მცირე და საშუალო ზომის საწარმოები.
გამოკითხული ბიზნესების უმეტესობა საკუთარი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან შემზღუდველ ფაქტორად მოთხოვნის სიმცირესა და ფინანსებზე წვდომას ასახელებს.