ჩვენ უნდა გვყავდეს ნაკლები ხალხი, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი, მათ პრემიაც უნდა მიიღონ და დანამატიც , - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ”ქამრების შემოჭერის” განცხადების შემდეგ როგორია სტატისტიკა და რას აკეთებს ცენტრალური მთავრობა იმისთვის, რომ პრემიების და დანამატების კონტროლი მოხდეს.
როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, ასეთი კონტროლი არსებობს. მისივე განმარტებით, არსებობს ხელფასი, პრემია, დანამატი, მაგრამ მათი ჯამი შემცირდა.
”ადმინისტრაციული ხარჯების და ანაზღაურების ხარჯების შემცირება გულისხმობს, რომ ჯამური თანხა, მაგალითად, რომელიც ჩემს სამინისტროს ჰქონდა, რამდენიმე მილიონით შემცირდა. დარჩენილი თანხიდან მე შემიძლია გადავანაწილო.
შეიძლება ერთ შემთხვევაში ხელფასი იყოს შედარებით დაბალი და დანამატით კომპენსირდებოდეს, მაგრამ ჯამი ვერ გაცდება იმ ზღვარს. შეიძლება მეორე შემთხვევაში ხელფასში შევიყვანოთ ეს ყველაფერი და ხელფასი იქნება უფრო მაღალი, ვთქვათ, ორჯერ ან ერთნახევარჯერ უფრო მაღალი და მაშინ დანამატი და პრემია არ იქნება”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დანახარჯებს აკონტროლებს თითოეული სამინისტრო და ფინანსთა სამინისტროც. ”ვინც არ აკეთებს თავის საქმეს კარგად, მაგალითად, განათლების სამინისტროში, ის არც მცირე ხელფასს უნდა იღებდეს, არც დიდ ხელფასს, არც დანამატს და არც სკამს უნდა აცდენდეს, აუცილებლად უნდა წავიდეს სახლში. ვინც კარგად მუშაობს, ჩემი აზრით, იმას უნდა ჰქონდეს ღირსეული ცხოვრებისთვის შესაფერისი ანაზღაურება.
ვინც საქმეს გააკეთებს, ვინც განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში თავის წვლილს შეიტანს, მე მინდა, რომ ასეთი ხალხი გვყავდეს ძალიან კარგ პირობებში.
5-10 დოლარი იყო ადრე სამინისტროებში და ამან გამოიწვია ის, რომ კორუფცია ყვაოდა იმ პერიოდში. ჩვენ უნდა გვყავდეს ნაკლები ხალხი, მაგრამ კარგად ანაზღაურებადი და პრემიაც უნდა მიიღონ და დანამატიც”, - აღნიშნა ჯეჯელავამ.