თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ , ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გახსნა.
როგორც თბილისის მერიიდან იუწყებიან, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ბაზა 4 ჰა ტერიტორიაზეა განთავსებული.
დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და ახალი სპორტული კომპლექსის გახსნა მიულოცა.
„ეს არის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომლის ანალოგი ჩვენს ქალაქში აქამდე არ არსებობდა. ეს ბაზა რაგბის გარდა სპორტის კიდევ 7 სახეობისთვის არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რაგბი, ვინაიდან ჩვენ ვმასპინძლობთ რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ეს ბაზა ჩვენი მოზარდებისა და პატარებისთვისაა, რომლებსაც მსგავსი მოედანი არ ჰქონდათ. დღეს უკვე ამ მოედანზე 300-ზე მეტი მოზარდი აქტიურად ემზადება რაგბიში. დარწმუნებული ვარ, სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის შესაბამისად, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი და 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები. სპორტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე, სტადიონების საფარი და განათების ახალი სისტემა.
ახალ სპორტულ კომპლექსში ოთხი მოედანია განლაგებული. მათ შორის, ერთი ქვიშის, ორი ხელოვნური და ერთიც ბუნებრივსაფარიანია. სავარჯიშო კომპლექსს აქვს საკუთარი პარკინგის ზონა. ახალ კომპლექსს რაგბის 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (U20) ფარგლებში, მონაწილე ნაკრებები სავარჯიშო ბაზად გამოიყენებენ.
სპორტული კომპლექსის გახსნას თბილისის მერთან ერთად, ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, პარლამენტისა და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.