ტიბაანში წელს კომპანია „ხოხბის ცრემლების“ მოსავალი აღარ იქნება.
ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ჯონ ვუდერმანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მოსავალი გუშინ მოსულმა სეტყვამ მთლიანად გაანადგურა.
ძლიერმა სეტყვამ სიღნაღის რაიონის სამი სოფელი - ჯუგაანი, ბოდბისხევი და ტიბაანი დააზარალა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ტიბაანში. დასეტყვილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ხეხილის ბაღები, ბოსტნეული, ვენახები.
ჯონ ვურდემანი მხატვარია, რომელიც საქართველოში პირველად 1995 წელს ჩამოვიდა, რათა ქართულ პოლიფონიურ სიმღერებზე მომუშავე მომღერლები მოეძებნა. 1996 წელს კი ქალაქ სიღნაღში სახლი შეიძინა და 1998 წელს საცხოვრებლადაც დამკვიდრდა, ქართული ენა შეისწავლა და ქეთევან მინდორაშვილთან ერთად, ქართულ-ამერიკული ოჯახი შექმნა. იგი მთელ თავის დროს ორ გატაცებას - ღვინოსა და ხელოვნებას უთმობს.
რაც შეეხება, „ხოხბის ცრემლების“ ისტორიას, კომპანია ვუდერმანმა ბოდბისხეველ გელა ფათალიშვილთან ერთად, 2005-2006 წელს დააარსა. „ხოხბის ცრემლების“ ყველა ღვინო ქვევრშია დაყენებული. გასულ წელს „ბლუმბერგ ბიზნესმა“ ვურდემანის ქვევრში დაყენებული ღვინო, რქაწითელი, ამერიკის შეერთებული შტატების ღვინის ბაზარზე არსებულ, 50 საუკეთესო ღვინოს შორის დაასახელა, რომლებიც 50 დოლარზე ნაკლები ღირს.