ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომის ჩატარება საქართველოში ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ამ ტრიბუნიდან გაჟღერდა.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დეკლარაციის ტექსტი, რომელშიც ძალიან ნათლად და პირდაპირ არის ნახსენები, თუ არ გამოწვევები აქვს საქართველოს, საით მიისწრაფვის.
მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ როდესაც, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული რუსეთს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს პრაქტიკულად მთელმა შემადგენლობამ ამ დეკლარაციით, რომელიც დღეს იქნება მიღებული, მოუწოდა რუსეთს იმისაკენ, რომ მოხდეს არაღიარება სეპარატისტული და ოკუპირებული რეგიონების, ასევე დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთალიანობის და ყველა იმ ძირითადი პრინციპის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო კანონმდებლობით. ასევე მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებს გააჩნიათ კანონშემოქმედების მიმართულებით.
ეს არის გზავნილი იმისკენ, რომ ასპირანტი ქვეყნებისკენ, ისეთი ქვეყნებისკენ, რომელშიც ჩვენც გავდივართ, მათთვის კარი ღიაა“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ამასთან, როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში რეფორმები უნდა გაგრძელდეს ყველა მიმართულებით, მიუხედავად იმ მიღწეული შედეგებისა, რომელსაც აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა.
„ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და საქართველოს ხელისუფლება არის მონდომებული, აკეთებს ყველაფერს, რომ შემდეგი თაობების რეფორმები გაგრძელდეს და წარმატებით დასრულდეს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.