ქობულეთში, სასტუმრო “არმაზის” მეპატრონის, ზაზა ართმელაძის გარდაცვალების ფაქტს მისი მეზობლები ფინანსურ პრობლემებს უკავშირებენ.
როგორც ართმელაძის მეზობელმა, ნარგიზა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაზარალებულმა ოჯახმა გუშინ ერთ-ერთი ბანკიდან წერილობითი შეტყობინება მიიღო, სადაც 200 ათასი დოლარის დავალიანებაზე იყო საუბარი.
"ეს საზარელი ამბავი დღეს დილით გავიგეთ. სამი წელია ოჯახი საშინელ მდგომარეობაშია. დამწვარ ოჯახს სასამართლომ საცხოვრებელი სახლი წაართვა. ხუთი შვილის მამამ დამწვარ სახლში ჩამოიხრჩო თავი. მივმართავ მთავრობას - ქობულეთელები საბანკო დავალიანების გამო ძალიან ცუდ დღეში არიან. ბატონო ბიძინა, მოხედეთ ქობულეთელებს", - განაცხადა ნარგიზა დოლიძემ.
ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელშიც გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი დამწვარ სასტუმროში იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ზაზა ართმელაძე იყო, რომელიც მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.