ფარცხალაძის საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივი კითხვები და ბუნდოვანება არ არსებობს
, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კარლო ლაფერაძემ განუცხადა, რომელიც დღეს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისათვის - თბილისის“ მიწვევით ფრაქციის წევრებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა.
კარლო ლაფერაძემ ფრაქციის წევრებს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის მონაცვლეობის საკითხზე მერიაში არსებული დოკუმენტაცია გააცნო. კარლო ლაფერაძის თქმით, ფრაქციის სხდომაზე მან ოპოზიციონერი დეპუტატების ყველა შეკითხვას პასუხი გასცა.
„აბსოლუტურად ყველა კითხვაზე იქნა პასუხი გაცემული. ყველაფერი დოკუმენტალურად იქნა ნაჩვენები. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამართლებრივად კითხვები და ბუნდოვანება არ არსებობს. მთლიანად წარმოების პროცესი არის ღია, გამჭვირვალე. ამ გამჭვირვალე პროცესში ნათლად ჩანს სამართლებრივი და კანონთან შესაბამისობაში მოქცეული ქმედება, რომელიც განახორციელა თბილისის მუნიციპალიტეტმა, ასევე თბილისის საკრებულომ. დოკუმენტების მიხედევით, საქმის ადმინისტრაციული წარმოება მიმართვის საფუძველზე 2014 წლიდან დაიწყო. შემდგომში ეს პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე იქნა მიყვანილი, ანუ ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა.
შესაბამისად, დღეს არსებული მდგომარეობით, მუნიციპალური გზა წარმოადგენს მუნიციპალურ საკუთრებას, ხოლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კომპანიას აუნაზღაურდა ზიანი, რომელიც მას მიადგა - მუნიციპალური გზის გაყვანით კერძო საკუთრებაზე, ისე რომ ეს მასთან შეთანხმებული არ ყოფილა“, - განაცხადა კარლო ლაფერაძემ.
ფრაქციის სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვები ჰქონდათ ლაფერაძესთან ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანიისთვის მიწის ნაკვეთის საკითხის განხილვა რატომ დაჩქარდა 2016 წლის შემდეგ, კერძოდ, მას შემდეგ რაც BSR-CDG Development-ის 100%-იანი წილის მფლობელი ფარცხალაძე გახდა. ასევე კითხვები ჰქონდათ დაახლოებით 500 000 ლარი ღირებულების მიწის ნაკვეთისათვის რატომ გადაეცა ფარცხალაძეს 2 600 000 ლარის ღირებულის ქონება. აღნიშნულ საკითხზე ფრაქციის წევრები თბილისის მერს საკრებულოში იბარებენ.