ეროვნულ ბანკთან მიდის ძალიან აქტიური მუშაობა და თანამშრომლობა საქართველოში ჩინური ბანკის შემოსვლასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოში ჩინური ბანკის შემოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრის განმარტებით, ბანკი 100%-ით კომერციული იქნება.
”ეროვნულ ბანკთან მიდის ძალიან აქტიური მუშაობა და თანამშრომლობა. ჩინეთში ჩვენ მოვაწერეთ დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტს ხელი, რომლის მიხედვითაც კომპანიამ აიღო ის ვალდებულებები, რომელიც უკვე გაჟღერებულია. ეს არის 300 მილიონი დოლარის პირველადი შენატანი საწესდებო კაპიტალში, შემდგომ უკვე ერთ მილიარდამდე გაზრდის შესაძლებლობებს", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ჩინეთის მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საქართველოში აღნიშნული ბანკის დაფუძნებას.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი - 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”.