პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დევნილთა შემწეობების გაზრდის თაობაზე საპარლამენტო უმცირესობის საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა.
”ევროპული საქართველოს” მიერ წადგენილი პროექტი კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა. ინიციატივის მხარდამჭერი განცხადება თავდაპირველად კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძემ გააკეთა და უმრავლესობის წევრებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
”იმ პრინციპს და იდეას, რომ დევნილებმა უნდა იცხოვრონ უკეთეს პირობებში, მე მხარს ვუჭერ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა შემოთავაზებულ წინადადებას მხარი უნდა დაუჭიროს”, - განაცხადა ფოფხაძემ კომიტეტის სხდომაზე.
კანონპროექტი, რომელიც კომიტეტის წევრებს ელენე ხოშტარიამ გააცნო, დევნილთა შემწეობის 60 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამავე ცვლილებებით დევნილის დასაბეგრი შემოსავლის ზღვარი 1250 ლარის ნაცვლად, 1500 ლარი იქნება. ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია დევნილთა რეგისტრაციის გამარტივება.
პარლამენტის სხვა კომიტეტებში უმცირესობის პროექტს მხარი არ დაუჭირეს.