ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილმა თანამდებობა დატოვა. ის "ანაკლია სითის" აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” ქეთევან ბოჭორიშვილმა განუცხადა, მისთვის კერძო სექტორში გადასვლა საინტერესოა. მისივე თქმით, ”ანაკლია სითის” გენერალური დირექტორობა შესაძლებლობას მისცემს, ქვეყანის განვითარებაში ახალი კონტრიბუცია შეიტანოს.
”ერთ-ერთი ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქალაქის გაშენებას გულისხმობს. ვფიქრობ, ამ ახალი როლით შევძლებ კიდევ უფრო წარმატებული პროექტების განხორციელებას. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის მოადგილეობას, მუდმივი არაფერიაა. უკვე 7 წელია აღნიშნულ თანამდებობას ვიკავებ და ვთვლი, რომ ჩემი პოტენციალი და კონტრიბუცია კერძო სექტორისკენ იყოს მიმართული”, - აღნიშნა ქეთევან ბოჭორიშვილმა.
ქეთევან ბოჭორიშვილი 2008-2010 წლებში, ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრის თანამდებობას იკავებდა, 2010-2012 წლებში, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო, ხოლო 2012 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.