გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოების გამო, დღეს, შესაძლოა, ოდორანტის მცირე სუნი დაფიქსირდეს. ინფორმაციას ამის შესახებ “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ავრცელებს.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აგრძელებს გაზგამანაწილებელი სადგურების მოდერნიზაციის სამუშაოებს. ამ ეტაპზე ავტომატური ოდორიზაციის კვანძები გაჩიანისა და გლდანის გაზგამანაწილებელ სადგურებში დამონტაჟდა, რომლებიც მიმდინარე წლის 30 მაისს, 11:00 საათიდან ტესტირების რეჟიმში ჩაირთვება. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, შესაძლოა, დღის განმავლობაში ოდორანტის მცირე სუნი დაფიქსირდეს.
აღსანიშნავია, რომ ოდორანტი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს და ის გამოიყენება ბუნებრივი გაზისთვის სპეციფიური სუნის მისაცემად, რათა გაჟონვის შემთხვევაში დროულად აღმოიფხვრას ტექნიკური ხარვეზი. აქვე დავძენთ, რომ ავტომატური ოდორიზაციის კვანძის ექსპლუატაციაში შესვლა ხელს შეუწყობს ოდორანტის ნორმირებულ ხარჯვას, რაც გამორიცხავს ბუნებრივი გაზის ჭარბი დოზით ოდორიზებას. ამ დრომდე ბუნებრივი გაზის ოდორიზაციის პროცესი მექანიკურად, პასუხისმგებელი ოპერატორის მიერ ხორციელდებოდა. უახლოეს მომავალში „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ ოდორიზაციის ავტომატიზირებული სისტემით საქართველოს ყველა საკვანძო გაზგამანაწილებელი სადგური აღიჭურვება“, - ნათქვამია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.