საშემოსავლო გადასახადს ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა იხდის.
ეს არის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ადამიანს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში ეხსნება. ამ საკითხს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლი აწესრიგებს. რა შემთხვევაში თავისუფლდება ფიზიკური პირი საშემოსავლო გადასახადისგან? - ამ შეკითხვაზე ადვოკატი ირაკლი უტიაშვილი გვიპასუხებს:
- ზოგადი წესის მიხედვით, ფიზიკური პირის შემოსავალი 20 პროცენტით იბეგრება, მაგრამ არის გამონაკლისი შემთხვევები, როცა კანონმდებლობა ამცირებს, ან სულაც ათავისუფლებს ფიზიკურ პირს ამ თანხისგან. ასეთი შემთხვევაა საცხოვრებელი ბინის გაქირავება: თუ ადამიანი გააქირავებს ფართს და ამის შესახებ საგადასახადო ორგანოს აცნობებს, მისი შემოსავალი მხოლოდ 5%-ით დაიბეგრება, ხოლო თუ კომერციულ ფართს გააქირავებს, ეს შეღავათი აღარ შეეხება და უკვე 20 პროცენტით დაიბეგრება.
- ბატონო ირაკლი, ძალიან ბევრს აინტერესებს, როგორ იბეგრება უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციისგან მიღებული მოგება?
- დავუშვათ, ადამიანმა შეიძინა საცხოვრებელი სახლი 2017 წლის 20 მაისს და გადაიხადა 50 ათასი ლარი. თუ ამ სახლს ის ორი წლის შემდეგ გაასხვისებს, მაშინ საშემოსავლოს გადახდა აღარ მოუწევს, მაგრამ თუ ორი წლის გასვლამდე გაყიდის დავუშვათ, 60 ათას ლარად, მის მიერ მიღებული ნამატი ანუ 10 ათასი ლარი 5%-ით დაიბეგრება. რაც შეეხება მოძრავ ქონებას, კერძოდ, ავტომანქანას, მისი გაყიდვის შედეგად მიღებული ნამატიც 5%-ით იბეგრება, თუ ფიზიკური პირი მას შეძენიდან 6 თვის განმავლობაში გაყიდის.
- რაც შეეხება ხელფასს, ამ შემთხვევაში რა შეღავათები არსებობს?
- საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება პირი, რომლის წლიური შემოსავალი ხელფასის სახით, 3 ათას ლარს არ აღემატება. თუ თქვენი ხელფასი თვეში 200, ან 220 ლარია, თქვენ ამ გადასახადს აღარ გადაიხდით, მაგრამ თუ ხელფასი 3 ათას ლარზე მეტი გაქვთ, ჩვეულებრივად უნდა გადაიხადოთ ხელფასის 20 პროცენტი. ამ მხრივ ჩვენი კანონმდებლობა შესაცვლელია, რადგან უსამართლობაა, როცა ერთნაირად იბეგრება ის, ვისი ხელფასი 4-5 ათასი ლარია და ისიც, ვისი ხელფასი 300-400 ლარია. განვითარებულ ქვეყნებში ეს სხვაობა კარგად არის გამიჯნული.
- საინტერესოა, მეწარმეებზე რა შეღავათები ვრცელდება?
- ძირითადი შეღავათები მიკრობიზნესის წარმომადგენლებზე ვრცელდება. საგადასახადო კანონმდებლობა ადამიანს მიკრომეწარმის სტატუსს მაშინ ანიჭებს, თუ ის არ იყენებს დაქირავებულ შრომას და მისი წლიური შემოსავალი 30 ათას ლარს არ აღემატება. ამ შემთხვევაში ის მთლიანად არის გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადისგან, ოღონდ, უნდა მივიდეს საგადასახადო ორგანოში და დარეგისტრირდეს, როგორც მიკრობიზნესის წარმომადგენელი. მიკრობიზნესის მსგავსად, არ იბეგრება საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი, თუ ის არ აღემატება 200 ათას ლარს. მაგალითად, თუ ფიზიკურმა პირმა მოიყვანა სიმინდი, ან თხილი, თვითონვე გაყიდა და მის მიერ მიღებული ნამატი არ აღემატება 200 ათას ლარს, ის არ დაიბეგრება, მაგრამ თუ ე.წ. გადამყიდველმა შეიძინა გლეხის მიერ მოწეული მოსავალი და გაყიდა, მისი მოგება ჩვეულებრივად უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით: თუ იყიდა 1 ლარად და გაყიდა 1,20 ლარად, სწორედ ეს 20 თეთრი ანუ ნამატი უნდა დაიბეგროს.
- კიდევ რა კატეგორიის ხალხი არ იხდის საშემოსავლო გადასახადს?
- ამ გადასახადისგან სრულიად თავისუფლდებიან დონორები, რომლებიც სისხლს გასცემენ, რადგან სისხლის გაყიდვის საფასური არ იბეგრება. ასევე არ იბეგრება ლატარიაში მოგებული თანხა, თუ ის არ აღემატება 1000 ლარს. არ იბეგრება ალიმენტიც - არც მისი მიმღები იხდის საშემოსავლოს და არც - გამცემი. შეიძლება ყველამ არ იცის, რომ არ იბეგრება განქორწინების შედეგად მიღებული შემოსავალიც: თუ ქონება გაიყო და მეუღლეს მიეკუთვნა რაღაც წილი ამ ქონებიდან, ის არ დაიბეგრება.
- საინტერესოა, მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი თუ იბეგრება?
- ადვოკატებს ამ კითხვას ძალიან ხშირად გვისვამენ და მისი პასუხი ასეთია: პირველი და მეორე რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით, ან მემკვიდრეობით მიღებული შემოსავალი არ იბეგრება. შეგახსენებთ, რომ პირველი რიგის მემკვიდრეები არიან: მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილთაშვილი და მისი შვილი, ასევე - მშობელი და მშვილებელი. მეორე რიგის მემკვიდრეები კი არიან: და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები. თუ მესამე, ან მეოთხე რიგის მემკვიდრეები ჩუქებით, ან მემკვიდრეობით მიიღებენ ქონებას, რომლის ღირებულებაც 150 ათას ლარს არ აღემატება, არც ეს ქონება დაიბეგრება. მესამე რიგის მემკვიდრეები არიან ბებია, პაპა და მათი დედ-მამა, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან, ხოლო მეოთხე რიგისა - ბიძა, დეიდა და მამიდა.
ხათუნა ჩიგოგიძე