წინასწარი შეფასებით, აპრილში 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 2,1%, მიმდინარე წლის I კვარტალის საშუალო რეალურმა ზრდამ 5,0%, ხოლო 2017 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,2% შეადგინა.
ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაშია ნათქვამი. შეფასების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ - 3 090,8 მილიონი დოლარი; ექსპორტმა - 788,1 მილიონი დოლარი; იმპორტმა კი - 2 302,7 მილიონი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, აპრილში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 6,5%-ით შემცირდა ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა და 3 694 ერთეული შეადგინა.
"2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე.
აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. შესაბამისად, რეალური კვარტალური გაანგარიშებები შესაძლოა განსხვავდებოდეს წინასწარი შეფასებისგან. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს,“ -ნათქვამია ინფორმაციაში.