რიგი სახელმწიფო უწყებების შემთხვევაში, ბალანსზე აღრიცხულია ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გამოყენება მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე“ მომზადებულ მოხსენებაში, რომლის ერთ-ერთი თავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეხება.
როგორც აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი, აღნიშნული მიუთითებს სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციების ფარგლებში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რესურსის იდენტიფიცირების, მათი საჭიროების განსაზღვრისა და შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესის დროულად დასრულების აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სახელმწიფოს სარგებლობაში არსებული აქტივების ეფექტური მართვა-გამოყენება.
როგორც მოხსენებაშია ნათქვამი, მხარჯავი დაწესებულებებისათვის ახალი ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმების წარმოდგენის კონკრეტული ვადა დღემდე განსაზღვრული არ არის, რაც პროცესის გაჭიანურების ძირითადი მიზეზი ხდება. აღნიშნულის შედეგად, სამინისტროების დიდი ნაწილისათვის ოპტიმიზაციის გეგმების დამტკიცება და მთავრობის N121 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ძალაში შესვლა არ მომხდარა. ამასთან, ოპტიმიზაციის გეგმების შედგენის პროცესში მხარჯავი დაწესებულებები ინსტრუქციებს იღებენ აღნიშნულ პროცესზე პასუხისმგებელ პირთან კომუნიკაციის საფუძველზე და არ მომხდარა დეტალური ინსტრუქციის შემუშავება და დამტკიცება, რომელიც განსაზღვრავდა ოპტიმიზაციის გეგმის შედგენის წესს და შესაბამისად, მოახდენდა აღნიშნული პროცესის ფორმალიზებას;
„დადგენილებით არ არის დარეგულირებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის, უსასყიდლოდ მუდმივ ან დროებით სარგებლობაში (თხოვებით) გადაცემის შემთხვევაში, ავტომობილების კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმები, მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობები და ზღვრული ფლობის დაანგარიშების მეთოდები, რაც გარკვეულ შემთხვევებში კანონმდებლობით განსაზღვრული ლიმიტების დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს;
მთავრობის N121 დადგენილება განსაზღვრავს განპიროვნებული ავტომობილით სარგლებლობის უფლების მქონე თანამდებობის პირებს, თუმცა ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის შემთხვევაში ფიქსირდება განპიროვნებული ავტომობილებით სარგებლობის ფაქტები დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ;
ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წლის განმავლობაში შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები არ აკმაყოფილებენ მთავრობის N121 დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და ლიმიტებს, თუმცა მათი მხრიდან არ მომხდარა კომისიისათვის გამონაკლისის დაშვების შესახებ შესაბამისი მოთხოვნით მიმართვა“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში.
ამასთან, როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, საბიუჯეტო ორგანიზაციების ფარგლებში ზოგიერთ ავტომანქანაზე არ ხდება საწვავის ლიმიტების განსაზღვრა, რაც ართულებს უწყების მიერ ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯების დაგეგმვას.