სახელმწიფო აუდიტი - საქართველოს სახელმწიფო ვალის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს

სახელმწიფო ვალის მშპ-სთან ფარდობის მაჩვენებელმა (44.5%) საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის „საქართველო 2020“-ით დადგენილ 40%-იან ნიშნულს 2016 წელსაც გადააჭარბა , - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშზე“ მომზადებულ მოხსენებაში.

როგორც აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია ნათქვამი, 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში ცვლილების განხორციელების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს წარმოადგენდა საშინაო ვალის მობილიზების ტენდენციები, რის შედეგადაც საბიუჯეტო წლის ბოლოს მოსალოდნელი იყო საშინაო ვალის ზღვრული ლიმიტის დარღვევა. საშინაო ვალის გადაჭარბებით მობილიზება გამოწვეული იყო საგარეო წყაროებიდან მოსალოდნელი მისაღები რესურსების შემცირებით;

როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელში არ შედის სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების მიერ აღებული ვალი, მათ შორის არც ისეთი ვალდებულებები, რომელთა დაფარვაც ხორციელდება უშუალოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ვალდებულებები წარმოადგენენ სახელმწიფოს პირობით ვალდებულებებს და საერთაშორისო სტანდარტებით მიეკუთვნებიან სახელმწიფო ვალის ნაწილს.

„აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა მაშინ, როდესაც მოცემული პირობითი ვალდებულება გარდაიქმნება სახელმწიფოს პირდაპირ ვალდებულებად და მათი დაფარვა ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ვალის აღრიცხვის არსებული პრაქტიკა არ შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ მოთხოვნებს და ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო ვალის შესახებ ინფორმაციის სისრულესა და გამჭვირვალობას“, - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ მოხსენებაში.