სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული საკაბელო ტელეკომპანია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ფილმს იღებს , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იუწყება.
მათი ცნობით, ფილმში განსაკუთრებული ყურადღება ქართულ კერძებს და ღვინოს დაეთმობა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ტელეკომპანია 4KB-ის დოკუმენტური ფილმის გადამღები ჯგუფის 9 წევრი ეწვია. სამხრეთ კორეის ტელეკომპანია საქართველოს შესახებ 1 საათიან დოკუმენტურ ფილმს იღებს. ფილმში განსაკუთრებული ყურადღება ქართულ კერძებს და ღვინოს დაეთმობა. პრესტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა თბილისი, მცხეთა, სტეფანწმინდა, სიღნაღი, ბათუმი და საქართველოს სხვა რეგიონები მოინახულეს და ტურისტული ღირსშესანიშნაობები გადაიღეს. ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებს თბილისში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა. კორეელი ჟურნალისტებისთვის სპეციალური კულინარიული მასტერკლასები გაიმართა“, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.