თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალეკო ელისაშვილი თბილისის მერიასა და საკრებულოს მიმართავს, უახლოეს დღეებში შეიქმნას ჯგუფი, რომელიც გარევაჭრობის მოწესრიგებისათვის წესებს შეიმუშავებს.
ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელიც გარევაჭრობის მოწესრიგების პრობლემას მიეძღვნა.
მისი თქმით, გარევაჭრობასთან ბრძოლა ძალიან ბრიყვულად ხდება, რადგან არ არსებობს წესები და კანონმდებლობაში ამ მხრივ სრული სიცარიელეა. ელისაშვილისვე თქმით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით არსებობს თბილისის საკრებულოს 2014 წლის დადგენილება, სადაც მხოლოდ ხუთი წინადადებაა და არ არის მკაფიოდ განსაზღვრული გარევაჭრობის წესები. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, გარევაჭრობასთან ბრძოლა იგივეა, რაც ქუჩაში ღარიბ ადამიანებს არ ვხედავდეთ.
”ჩვენ და მსოფლიოს ნორმალურ ქალაქებს შორის განსხვავება არის ის, რომ იქ გარევაჭრობა არის, აღიარებულია ფაქტად, მაგრამ არის მოწესრიგებული და არსებობს მკაფიო წესები. ჩვენთან გარევაჭრობას ვებრძვით ძალიან ბრიყვულად და არ გვაქვს წესები გარევაჭრობის წარმოების. ადამიანებმა უნდა იცოდნენ რითი შეიძლება ვაჭრობა, სად შეიძლება და როგორ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათ ვედავოთ და პასუხი მოვთხოვოთ თუ ზღვარს გადავლენ”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მისივე თქმით, გარევაჭრობა მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქშია, მაგრამ იქ განსაზღვრულია წესები და არსებობს ნომენკლატურა რა სახის პროდუქტებით შეუძლიათ ივაჭრონ გარემოვაჭრეებმა, როგორი არქიტექტურული ფორმები გამოიყენონ.