„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებებით, მოვალე უფლებამოსილი იქნება განცხადებით მოითხოვოს როგორც რეაბილიტაცია, ისე გაკოტრება.
ცვლილებები კანონში უკვე ამოქმედდა. ცვლილებების თანახმად, კრედიტორის (კრედიტორების) ინიციატივით დაწყებული გადახდისუუნარობის საქმის წარმოება მოვალის გაკოტრებით არაუგვიანეს 225 დღეში უნდა დასრულდეს.
გარდა ამისა, ახალი რედაქციით, სასამართლომ შეიძლება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება, გარდა შემოსავლების სამსახურისა და არანაკლებ 3 კრედიტორისა, სხვა კრედიტორის (კრედიტორების) განცხადების საფუძველზეც მიიღოს, თუ ეს კრედიტორი მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის აუცილებლობაზე არგუმენტირებულ განცხადებას წარადგენს.
ასეთ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ განცხადების შეტანიდან 1 დღის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლოს შეუძლია განჩინება გამოიტანოს და მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება შეაჩეროს.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, მიმდინარე სესხის ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა მიერ დამატებითი ნების გამოვლენის საფუძველზე, მეურვის თანხმობით, მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი – სასამართლოს თანხმობით სასესხო ვალდებულების აღებაც იქნება შესაძლებელი.
„გრძელდება მოვალის საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდება და ამ საქონლის/მომსახურების მოვალისთვის მიმწოდებელ პირს ეკრძალება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის საფუძვლით იმ ხელშეკრულების შეწყვეტა, რომელიც ითვალისწინებს მოვალის სასარგებლოდ მისი საქმიანობის უწყვეტობისათვის არსებითი საქონლის/მომსახურების მიწოდების დაწყებას ან/და გაგრძელებას, თუ მოვალე ასრულებს მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილ ვალდებულებებს. აღნიშნულ პირს ხელშეკრულების ან საქონლის/მომსახურების მიწოდების შეწყვეტა შეუძლია მნიშვნელოვანი გარემოების არსებობისას, მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მოვალემ ამ პირის მიმართ არ შეასრულა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შემდეგ წარმოშობილი ვალდებულება და მისი შეუსრულებლობიდან გასულია 14 სამუშაო დღეზე მეტი. ამასთან, სასამართლო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მოვალეს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის თაობაზე. მოსამართლე უსმენს მეურვეს, მხარეებს და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გამოაქვს განჩინება კრედიტორის მოთხოვნების აღიარების ან უარყოფის შესახებ. ამ განჩინების გასაჩივრების უფლება აქვს როგორც იმ კრედიტორს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია იგი, ისე ნებისმიერ სხვა კრედიტორს,“-ვკითხულობთ დადგენილებაში.
ცვლილებების თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში მეურვე ვალდებულია კრედიტორთა პირველ კრებაზე კრედიტორებს მიაწოდოს მოვალის ფინანსური მდგომარეობის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია - საწარმოს აქტივებისა და ვალდებულებების, მისი ქონებრივი მდგომარეობის, მიმდინარე სასამართლო დავების, სამეურვეო ქონების შემადგენლობისა და ღირებულების, მის მართვასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე მოვალესთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ფინანსური ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილების ან სამეურვეო ქონების მართვისა და რეალიზაციის პროცესში გამოვლენილი ახალი გარემოებების თაობაზე, როგორც მეურვე, ისე გაკოტრების მმართველი/რეაბილიტაციის მმართველი ვალდებულია კრედიტორებს ყოველ მომდევნო კრებაზე შეატყობინოს.
ცვლილებების მიხედვით, კრედიტორს ან/და კრედიტორთა კრებას მოვალის შესახებ ფინანსური ინფორმაციის მოთხოვნა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ნებისმიერ დროს შეუძლია.