რა სანქციები აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ავტომობილის მართვის დარღვევაზე

ავტომობილის მართვის წესების დარღვევაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მძღოლებისთვის განსხვავებული ჯარიმები და სანქციებია დაწესებული.

გთავაზობთ სანქციებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მძღოლების წინააღმდეგ მართვის წესების დარღვევისას ვრცელდება.

ევროკავშირის ქვეყნები

ევროკავშირის ქვეყნებში სასჯელი საგზაო დარღვევებთან დაკავშირებით რეგულირდება ეროვნული კანონდებლობით, ევროკავშირის ზოგადი დირექტივა ამ შემთხვევებზე არ ვრცელდება.

ასევე ყველა ქვეყანაში ინდივიდუალურია, სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს სისხლში ალკოჰოლის დასაშვები ოდენობა.

ლიტვა

სანქციები მართვის წესების დარღვევისათვის გაწერილია ლიტვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

საგზაო მონიშვნის ხაზების დარღვევა ისჯება ჯარიმით 29-დან 43 ევრომდე ოდენობით. სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის გარეშე მართვა ისჯება ჯარიმით 86-დან 143 ევრომდე.

ავტოსატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში ექსპლუატაციისათვის ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია სიმთვრალის ხარისხზე (სისხლში ალკოჰოლის დასაშვები ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 0,4 პრომილეს):

• ავტოსატრანსპორტო საშუალების სიმთვრალის მსუბუქი ხარისხის მდგომარეობაში მართვისას (0,41 -1,5 პრომილე) მძღოლი ჯარიმდება 289-დან 429 ევრომდე, ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 1-დან 1,5 წლამდე ვადით;

ესტონეთი

სანქციები მართვის წესების დარღვევისათვის გაწერილია ესტონეთის 2004 წლის კანონში “მოძრაობის წესების შესახებ“.

• მართვის მოწმობის გარეშე ავტოტრანსპორტის მართვის შემთხვევაში, მძღოლი ჯარიმდება 100 საჯარიმო ერთეულით, რაც 383 ევროს ტოლია.

• მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადასვლა ჯარიმდება 100 საჯარიმო ერთეულით, რაც 383 ევროს ტოლია.

• მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში ავტოტრანსპორტის მართვისათვის ჯარიმდება 300 საჯარიმო ერთეულით, რაც 1 150 ევროს ტოლია.

ლატვია

სანქციები მართვის წესების დარღვევისათვის გაწერილია ლატვიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

• შესვლა შემხვედრი მოძრაობის ხაზზე, სადაც საგზაო მოძრაობა მიმდინარეობს ორი მიმართულებით, იწვევს მძღოლის დაჯარიმებას  42 ევროს ოდენობით;

• შესაბამისი კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის არქონისას სატრანსპორტო საშუალების მართვა იწვევს მძღოლის დაჯარიმებას 42 ევრო-282 ევროს ოდენობით.

• სატრანსპორტო საშუალებების ნასვამ მდგომარეობაში მართვა, თუკი ამოსუნთქვაზე ან სისხლის ანალიზის შემოწმების დროს ალკოჰოლის ოდენობა აღემატება 0,2 პრომილეს გამოიწვევს ჯარიმას 70-დან 350 ევრომდე.

დიდი ბრიტანეთი

“საგზაო მოძრაობის დროს დანაშაულების შესახებ” დიდი ბრიტანეთის კანონის მიხედვით, ისეთი სერიოზული საგზაო დარღვევები, როგორებიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური ზემოქვედების ქვეშ და მართვის მოწმობის გარეშე, დასჯადია კანონით. კერძოდ,

• ალკოჰოლური ზემოქვედების ქვეშ (ალკოჰოლის 0,4 პრომილეზე მაღალი შემცველობა 100 მლ ამონასუნთქ ჰაერში) ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, დამნაშავეს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 6 თვემდე ვადით ან ჯარიმის გადახდა მაქსიმუმ 5 000 ფუნტის ოდენობით ან ორივე სასჯელი ერთად. ამასთანვე, მძღოლი დისკვალიფიცირებულ იქნება მინიმუმ 12 თვით, ხოლო 10 წლის მანძილზე განმეორებითი დანაშაულის ჩადენისას – მინიმუმ 3 წლით;

• მართვის მოწმობის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 6 თვემდე (12 თვემდე შოტლანდიაში) ან ჯარიმა მაქსიმუმ 5 000 ფუნტის ოდენობით ან ორივე ერთად. მართვის უფლების ჩამორთმევა, დისკვალიფიკაცია ამ შემთხვევაში არ არის აუცილებელი და საკითხი წყდება სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად.

გერმანია

ნორმები ტრანსპორტის მართვის დარღვევებზე მოცემულია გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსში, საგზაო კოდექსში, ოფიციალურ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე არსებული სანქციების კატალოგში/რეესტრში და ასევე აქტებში არაფხიზელ მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მართვის შესახებ, რომელთაგან მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსია ხელმისაწვდომი ინგლისურ ენაზე.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტოსანტრასპორტო საშუალების მართვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტოსანტრასპორტო საშუალების მართვის დროს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, როგორიცაა არასწორი გაჩერება ან არასწორი მართვა გაჩერების პროცესში; დიდი სიჩქარით მოძრაობა იმ ადგილებში სადაც ცუდი ხილვადობაა, აგრეთვე გზაჯვარედინებთან ან რკინიგზის სადგურებთან; არასწორი მართვა ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებთან; აკრძალულ ადგილას მოხვევა ან საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრაობა; გასხვისების ზონებზე დადგენილი წესების დარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით არა უმეტეს ხუთი წლის ვადით ან ჯარიმით.

ჯარიმების ოდენობა მითითებული არ არის. პირს, რომელსაც დაეკისრა ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის, სასამართლომ შეიძლება ჩამოართვას მართვის უფლება ვადით ერთი თვიდან სამ თვემდე.

აშშ შტატი ალაბამა

საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში ჯდომა ისჯება:

არაფხიზელ მდგომარეობაში იგულისხმება ალკოჰოლის შემცველობა სისხლში 0.2 პრომილე ან მეტი, თუ პირი არის 21 წლამდე ასაკის; 21 წლის ზემოთ – 0.8 პრომილე.

სანქციები 21 წლამდე ასაკის პირთათვის: მართვის მოწმობის ჩამორთმევა (შეჩერება) 30 დღით, თუ ალკოჰოლის შემცველობა არის 0.2 პრომილე და მეტი; ან შესაძლოა შეეფარდოს პირველი დარღვევის შემთხვევაში კანონით განსაზღვრული სანქციები.

პირველი დარღვევის შემთხვევაში: პატიმრობა ერთ წლამდე (არა უმეტეს 1 წლისა) ქვეყნის ან მუნიციპალიტეტის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ან/და ფულადი ჯარიმა 600–დან 2 100 დოლარამდე. აგრეთვე, მოსახლეობის უსაფრთხოების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მართვის მოწმობის მოქმედების 90 დღით შეჩერების შესახებ.

მეორადი დარღვევის შემთხვევაში: თუ დარღვევა განმეორდა ხუთი წლის განმავლობაში (პერიოდში) – ჯარიმა 1 100–დან 5 100 დოლარამდე და თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით, შესაძლოა მძიმე შრომა გასწორებით კოლონიაშიც. მინიმალური განაჩენი, რომელიც არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შეიძლება იყოს მინიმუმ 5–დღიანი პატიმრობა ან საზოგადოებრივი საქმიანობა არა ნაკლებ 30 დღისა. აგრეთვე, მოსახლეობის უსაფრთხოების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მართვის მოწმობის მოქმედების 1 წლით შეჩერების შესახებ.

მესამე დარღვევის შემთხვევაში: ჯარიმა 2 100–დან 10 100 დოლარამდე და თავისუფლების აღკვეთა 60 დღიდან 1 წლამდე ვადით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე შრომა–გასწორებით კოლონიას. 60–დღიანი პატიმრობა არის მინიმალური განაჩენი, რომელიც არ ექვემდებარება გასაჩივრებას. აგრეთვე, მოსახლეობის უსაფრთხოების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მართვის მოწმობის მოქმედების 3 წლით შეჩერების შესახებ.

მეოთხე და შემდგომი დარღვევის შემთხვევაში: ითვლება C კლასის სისხლის სამართლის დანაშაულად და ისჯება ჯარიმით 4 100–დან 10 100 დოლარამდე და თავისუფლების აღკვეთით არანაკლებ 1 წლისა და მაქსიმუმ 10 წლის ვადით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე შრომა–გასწორებით კოლონიას. აგრეთვე, მოსახლეობის უსაფრთხოების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მართვის მოწმობის მოქმედების 5 წლით შეჩერების შესახებ.

იმ შემთხვევაში, თუ დამრღვევ პირთან ერთად იმყოფება 14 წლამდე ასაკის ბავშვი ორმაგდება სასჯელის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც განსაზღვრულია ამ კონკრეტული დანაშაულისთვის.

კალიფორნიის შტატი

ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა

იმ შემთხვევაში თუ მძღოლი გადაკვეთს ღერძულა ხაზს და გააგრძელებს მოძრაობას მარჯვნივ, ანუ ფაქტიურად გააკეთებს გასწრების მანევრს, მაშინ ეს ქმედება დარღვევად ჩაითვლება. ამ შემთხვევაში მძღოლი ჯარიმდება პირველად შემთხვევაში 100 დოლარით, ხოლო განმეორებით დაჯარიმებისას 150 დოლარით.

არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან ჯდომა

კალიფორნიაში არაფხიზელ მდგომარეობად ითვლება მდგომარეობა, როდესაც მძღოლის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა 0,8 პრომილე ან მეტია.

პირველადი დარღვევის შემთხვევაში მძღოლის მსგავს ფაქტზე დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, არის შემდეგი სახის სანქცია: ციხე – 96 საათიდან 6 თვემდე; ჯარიმა – 390 დოლარიდან 1000 დოლარამდე; მართვის მოწმობის დროებითი ჩამორთმევა – 6 თვით.

მეორადი დარღვევის შემთხვევაში 10 წლის განმავლობაში სანქციები მკაცრდება. ციხე – 90 დღიდან 1 წლამდე; ჯარიმა – იგივე რჩება, 390–დან 1000 დოლარამდე; მართვის მოწმობის დროებით ჩამორთმევა – 2 წლით.

10 წლის განმავლობაში მესამე დარღვევის შემთხვევაში: ციხე – 120 დღიდან 1 წლამდე; ჯარიმა – 390–დან 1000 დოლარამდე; მართვის მოწმობის დროებითი ჩამორთმევა 3 წლით;

მეოთხე და შემდგომი დარღვევის შემთხვევაში: ციხე – 180 დღიდან 1 წლამდე; ჯარიმა 390–დან 1000 დოლარამდე; მართვის მოწმობის ჩამორთმევა 4 წლით.

სასჯელი ყველა შემთხვევაში ორმაგდება, თუ ნასვამ მძღოლს მანქანაში უზის მცირეწლოვანი ბავშვი 14 წლამდე.

ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე მართვა

მართვის მოწმობის გარეშე მანქანის მართვისას, თუ მართვის მოწმობა ჩამორთმეულია მანქანის ცუდად მართვის გამო (გზაზე ხიფათის შექმნა, გაუმართავობა და ა.შ.) და თუ ეს არის პირველი შემთხვევა, არის შემდეგი სანქცია: ციხე – 5 დღიდან 6 თვემდე და ჯარიმა 300–დან 1000 დოლარამდე;

განმეორებით შემთხვევაში, ციხე 5 დღიდან 1 წლამდე და ჯარიმა 500–დან 2000 დოლარამდე.

თუ პირს მართვის მოწმობა ჩამორთმეული ქონდა არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისას და ის შემდეგ მართვის მოწმობის გარეშე მართავდა მაქნქანას, მაშინ სანქციები უფრო მკაცრდება. პირველ შემთხვევაში: ციხე – 10 დღიდან 6 თვემდე და ჯარიმა 300–დან 1000 დოლარამდე; 5 წლის განმავლობაში განმეორებით შემთხვევაში: ციხე – 30 დღიდან 1 წლამდე და ჯარიმა 500–დან 2 ათას დოლარამდე.

საჭის გადაცემა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირისთვის:

თუ წინასწარ არის ცნობილი, რომ პირი არის არაფხიზელ მდგომარეობაში და მას გადასცემ ავტომობილს სამართავად, ავარიის შემთხვევაში სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ავტომობილის მფლობელს. პასუხისმგებლობა ეკისრება მფლობელს ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ ავტომობილს სამართავად გადასცემს პირს, რომელსაც ჰქონდა მრავლობითი დარღვევები, მაგალითად, სიჩქარის გადაჭარბებისთვის ან ნასვამ მდგომარეობაში მართვისთვის.

ავტომობილის მართვის მოწმობის გარეშე მართვა:

მართვის მოწმობის გარეშე მართვისათვის დაწესებულია ჯარიმა 10–დან 100 დოლარამდე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა მას დაემატოს 50 დოლარი.

წყარო: parliament.ge