სასოფლო სამეურნეო მიწების საკუთრებასთან დაკავშირებული რეგულაციები ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე იყოს მიწის მესაკუთრე და არა მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქ ე, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას განაცხადა.
ფოფხაძე დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის სრული უმრავლესობა სასოფლო-სამეურნეო მიწების საკუთრებში გადაცემასთან დაკავშირებით რეგულაციების დაწესებას მხარს უჭერს.
“ზოგადად, მიწების სამოქალაქო ბრუნვის კუთხით განსაკუთრებული რეგულაციების დადგენის მოტივაცია არის ის, რომ მიწა არის ამოწურვადი რესურსი. მიწა არ არის ის რესურსი, რომელიც კვლავ წარმოებაზეა დამოკიდებული და არის ამოწურვადი - კონკრეტულად არის განსაზღვრული მისი რაოდენობა ქვეყანაში. გამომდინარე აქედან, პირველ რიგში, მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ამ მიწაზე წვდომა საკუთრების უფლების თვალსაზრისით. ჩვენთვის მთავარია, მიწაზე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებები - ვინც ამ მიწას იცავს, პირველ რიგში, იმას უნდა ჰქონდეს მიწაზე საკუთრების უფლება. ამ შემთხვევაში საუბარი არ არის არასასოფლო მიწებზე, სადაც თუკი ვინმეს, თუნდაც უცხოელ ინვესტორს სასტუმროს ან ქარხნის აშენება უნდა, საშუალება აქვს აიღოს“,- განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გედევან ფოფხაძემ.
პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებს და პირობებს აწესებს.
საკანონმდებლო პაკეტი ხუთი კანონპროექტისგან შედგება და ის საპარლამენტო უმრავლესობის 22 დეპუტატის მიერ არის ინიცირებული.
პროექტის მიხედვით, უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, თუ მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით, ან აღნიშნული მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების, ან საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი, ან გააჩნია მუდმივი ცხოვრების და საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
პარლამენტში ინიცირებული პროექტით ასევე წესრიგდება უცხოელი ფიზიკური პირის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საკუთრების უფლების საკითხი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებით.
პროექტი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრების განკარგვის წესს იმ შემთხვევებშიც, როდესაც უცხოელი ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს ვეღარ აკმაყოფილებს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელთა საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით სპეციალური კანონპროექტი წინა მოწვევის პარლამენტში მთავრობის მიერ იყო ინიცირებული, თუმცა განხილვის პროცესი შეჩერდა და პროექტი პლენარულ სხდომაზე არ გასულა.