პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს.
საპარლამენტო უმრავლესობის 22 დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ხუთი კანონპროექტისგან შედგება.
ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, მიწის საკუთრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება თუ მის დამფუძნებელი ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია.
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ: ა) სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, საქართველოს მოქალაქეს, კომლს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, თუ მის დამფუძნებელს წარმოადგენს ან წილის/აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრეა საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებულ კომერციულ ბანკს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციას, აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს,“- ვკითხულობთ კანონპროექტში.