ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება იწყება, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ იუწყება.
მათი ცნობით, ახალ კომპანიას ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს, რომელიც ამ დრომდე საქართველოს მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ქალაქ ანაკლიას კომპანია „ანაკლია სითი“ განავითარებს, რომლის თანადამფუძნებლები „თიბისი ჰოლდინგი“ და „კონტი ჯგუფი“ არიან. იმავე კომპანიებმა დააფუძნეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ და ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტის მშენებლობისა და განვითარების პროექტს ახორციელებენ.
„ქალაქი ანაკლია - ეს არის მომავლის ქალაქი, რომლის განვითარების მთავარი მიზანია ჩავებათ გლობალურ კონკურენციაში, შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მიმზიდველი, წამყვანი ბიზნეს და საცხოვრებელი გარემო თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო მდებარეობით. ჩვენ საუკუნის პროექტისთვის გამორჩეული პროფესიონალების გუნდს ვაყალიბებთ და მოხარულნი ვართ, რომ ამ მნიშვნელოვან მიმართულებას ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს“, - განაცხადა „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
„ქალაქი ანაკლია მიმზიდველი იქნება, როგორც მსუბუქი ინდუსტრიის, ისე მომსახურების სფეროსათვის. ის ღია იქნება გლობალური კორპორაციების, ფინანსური და სადაზღვევო სექტორების, კვლევისა და ტექნოლოგიების ტრანსფერისათვის. ქალაქი დაეფუძნება შემოქმედებითი ეკონომიკური სიახლეების კონცეფციას, ბიზნესის დერეგულაციას, მიმზიდველ საინვესტიციო გარემოსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.
ქალაქი ანაკლია, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად მოიაზრება, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ჰექტარის ფართობზე გაშენდება. ქალაქში გაშენდება და განვითარდება როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები. ანაკლია მოიაზრება, როგორც სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას, რაც გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და გახდის მას უფრო საინტერესოსა და მიმზიდველს.