წინასწარი შეფასებით, 2017 წლის აპრილში მეტალურგიული მრეწველობის, უძრავი ქონების და სასტუმრო-რესტორნების სექტორში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა , - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, 2017 წლის 4 თვის საშუალო ზრდა 4.3%-ია, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის აპრილში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2.1%-ს შეადგენს.
„სასტუმროების და რესტორნების სექტორში დაფიქსირებული ზრდა პირდაპირ კავშირშია ტურიზმის ზრდასთან, სადაც შთამბეჭდავი ციფრებია. ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად მოქმედებდა საგარეო ფაქტორები. კერძოდ, 2017 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28%-ით, ფულადი გზავნილები - 12%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა - 10.2%-ით, ხოლო სექტორიდან მიღებული შემოსავლები 26%-ით არის გაზრდილი“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 2017 წლის აპრილში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა (რომლებზე დაკვირვებაც ხდება ეკონომიკური ზრდის შესაფასებლად) გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 10.3%-ით გაიზარდა.
„რაც შეეხება ზრდაზე მოქმედ სხვა ფაქტორებს, დაბალი აქტივობა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში და შედეგად, წინა წელთან შედარებით შემცირებულია სამშენებლო კომპანიების ბრუნვა. ასევე კლება იყო თხილის წარმოება/ექსპორტის მიმართულებით, რაც თხილის მწარმოებელი კომპანიების მოსავლიანობის შემცირებით არის განპირობებული. მოსავლიანობის შემცირება თხილის გარკვეული ტიპის დაავადებების გავრცელებას უკავშირდება. შედეგად, შემცირდა დამატებული ღირებულება საკვები პროდუქტების წარმოების სფეროში“ ,- განაცხადა ჯავახაძემ.
მისივე თქმით, 2017 წლის წინა თვეებთან მიმართებით 2017 წლის აპრილში შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა არ უნდა შეფასდეს, როგორც ზოგადი ზრდის ტენდენციიდან გადახვევა.
„საშუალო ეკონომიკური ზრდა მაღალი რჩება და გაუმჯობესებულ საგარეო ფაქტორებთან ერთად საფუძველს ქმნის მთავრობის მიერ დადგენილი 4%-იანი ზრდის მაჩვენებლის უზრუნველყოფისთვის“, - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ნინო ჯავახაძის კომენტარს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.