პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, სამოქალაქო კოდექსს ჯანმრთელობის დაზღვევის ამსახველი რეგულაციები ემატება. პროექტის ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატია.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, საჭიროა კანონმდებლობით მზღვეველთა მხრიდან ნორმათა ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა მინიმუმამდე შემცირდეს.
„2017 წლის 1 იანვრიდან ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით“ განსაზღვრული მომსახურებებით ვერ სარგებლობენ კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები. აღნიშნულმა წარმოქმნა გარკვეული პრობლემები სამედიცინო სერვისების მიღებისას. პრაქტიკაში, მზღვეველების მხრიდან მითითება ხდება ზიანის დაზღვევის მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც მათ პასუხისმგებლობას გამორიცხავს გარკვეულ შემთხვევებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მუხლი ქონების ზიანის თავში არის განსაზღვრული, სადაზღვევო კომპანიები ხშირად აპელირებენ ამ მუხლთან მიმართებით ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევებზე. ასევე, ისინი თავს არიდებენ ხელშეკრულებაში განსაზღვრონ დაზღვევის შემთხვევები უხეში გაუფრთხილობლობისას განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სახელმწიფო უწყებების მხრიდან დაზღვევის სერვისების შესყიდვას ეხება. შესაბამისად, მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი, რადგან კერძო დაზღვევა მას მსგავს შემთხვევებს არ უნაზღაურებს.
ცვლილებათა მიზანია მკაცრად განისაზღვროს ჯანმრთელობის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმების მოქმედების სფერო. ის გამორიცხავს სადაზღვევო კომპანიების მხრიდან არასწორი და მანკიერი პრაქტიკას, ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმისთვის ქონების ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით კანონის ანალოგია გამოიყენონ,“-ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.