ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თანამდებობაზე ყოფნის 7 წელზე წერს.
„ბიზნესპრესნიუსი" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საჯარო სამსახურში გავატარე, გამოწვევებით, ბევრი წარმატებითა და საინტერესო პროექტებით აღსავსე შვიდი წელი. მიხარია რომ უშუალოდ ვიყავი ინიციატორი ისეთი პროგრამების შემუშავებაში და განხორციელებაში, როგორიც არის: მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შექმნა, პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, „უმასპინძლე საქართველოში“ და „გადაიღე საქართველოში“. 2014 წელს დაწყებული „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის შედეგად კერძო სექტორში უკვე მობილიზებულია ნახევარ მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია, ხელი შევუწყვეთ 300-ზე მეტ კომპანიას და შექმნილია 11,300 ახალი სამუშაო ადგილი. საქართველო ყოველდღიურად უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო კინო მწარმოებლებისთვის. უკვე გადაღებულია 5 საერთაშორისო ფილმი და 30 საერთაშორისო მუსიკალური ვიდეო და სარეკლამო კლიპი. სულ მალე ცნობილი ამერიკული ბლოკბასტერის ფილმის გადაღებაც მოხდება :).
ერთ-ერთი, ჩემთვის გამორჩეული პროექტი იყო ასევე რეგიონული მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი „მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“, რომლის ფარგლებშიც უკვე რეგიონებში შეიქმნა და გაფართოვდა 3000-ზე მეტი მცირე ბიზნესი. 10 0000 მეწარმემ გაიუმჯობესა ბიზნეს უნარ-ჩვევები.
წლების წინ დაწყებული მოდის ინდუსტრიის ხელშეწყობის და ქართული ღვინის აზიაში ექსპორტის წახალისების პროგრამებმა უკვე შეცვალა ეკონომიკური მაჩვენებლები.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო კერძო სექტორის განვითარება და მასთან მიმართული არა ერთი ღონისძიება. მაღალი რანგის ვიზიტებზე თუ საერთაშორისო კამპანიების საშუალებით, ქვეყნის პოზიტიურად წარმოჩენა მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ტურისტების ზრდა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე- ,,ქართულიადაკარგია“- ამისი ნამდვილად მჯერა! მიხარია, რომ ბოლო პერიოდში შევძელი წინ წამომეწია ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონებისა და ქალაქების სივრცითი დოკუმენტებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმების შემუშავება, რომლებიც მდგრად და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზეა გათვლილი.
მოხარული ვარ, რომ დღეიდან აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე მუშაობას ვაგრძელებ კომპანია ,,ანაკლია სითი“-ში, რომლის თანადამფუძნებლები საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია - ,,თიბისი ჰოლდინგი“ და ამერიკული კომპანია ,,კონტი ჯგუფი“ არიან. ანაკლია გახდება თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მწვანე ეკონომიკის პრინციპებზე დაფუძნებული სატელიტური ქალაქი.
და ბოლოს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამშრომლებს, რომლებსაც უკვე ოჯახის წევრებად და მეგობრებად აღვიქვამ. მათთან ერთად 7 წელი გავატარე და სწორედ მათ შეუპოვრობაზე, პროფესიონალიზმსა და მოტივაციაზე იდგა ჩვენი ყველას წარმატება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კოლეგებს სხვადასხვა უწყებიდან, რადგან მათთან მჭიდრო მუშაობამ მოგვცა შედეგები. მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოებს და ბიზნეს ასოციაციებს; მედიის წარმომადგენელებს, ვინც მუდმივად აშუქებდა ამ ყველაფერს.
განსაკუთრებული მადლობა მსურს გადავუხადო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრებს და ჩემს უშუალო ხემძღვანელებს -ქალბატონ ვერა ქობალიას, ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, ყველა იმ შესაძლებლობებისათვის რომ იდეები მხოლოდ იდეებად არ დარჩენილიყო და თითოეული პროექტი და პროგრამა განხორციელებულიყო; რომ არა ესეთი დიდი მხარდაჭერა, მოტივაცია და მენტორობა, ეს შედეგები ნამდვილად არ მექნებოდა. მადლობა ბატონ გიორგი გახარიას და მთელ კოლექტივს, მინდა ვუსურვო ბევრი წარმატება და კიდევ ბევრი ახალი პროექტი!
ასევე მადლობა ყველა პროგრამის ბენეფიციარს... ყველა კომპანიას და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს. თითოეულმა თქვენგანმა შექმნა -„ახალი“, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია",- წერს ბოჭორიშვილი.