საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამა „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ახალ ხელმძღვანელს , კრისტიან დოერინგს და პროგრამის მრჩეველს ინგა სინჯიკაშვილს შეხვდა.
როგორც პარლამენტიდან იუწყებიან, საუბარი შეეხო GIZ-სა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს; ასევე საჯარო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმასთან დაკავშირებულ მემორანდუმს, რომელიც ამა წლის 2 ივნისს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის უნდა გაფორმდეს.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმი მოიცავს 2017-2020 წლებს, რომლის ფარგლებში შესაბამისი კონსულტაცია გაეწევა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. პროგრამის პარტნიორები არიან: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
როგორც შეხვედრისას კრისტიან დოერინგმა აღნიშნა, GIZ მზად არის კვალავ გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და საჭიროებისამებრ დაეხმაროს კომიტეტს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში.
„ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი საბიუჯეტო ინსტიტუტების კუთხით, რათა უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ტრანსფარანტულობას ჰქონდეს ადგილი საჯარო ფინანსების სფეროში და ამაღლდეს ეფექტიანობა ამ მიმართულებით. ამ საკითხში GIZ-თან თანამშრომლობა და მათი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ასევე პარლამენტისთვის“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.