„რეზონანსი" - უცხოელებს მიწის ხელში ჩაგდების შანსს მაინც უტოვებენ

პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს.

როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ უცხოელებზე მიწა არანაირი ფორმით არ უნდა გასხვისდეს და არ შეიძლება გამონაკლისების დაშვება, როდესაც საქმე სამეურნეო სავარგულებს ეხება.

პროექტის მიხედვით, უცხოელი საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრე შეიძლება იმ შემთხვევაში იყოს, თუ მიწა მიღებული აქვს მემკვიდრეობით ან აღნიშნული მიწა არის მისი საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან საქართველოს მოქალაქის მონაწილეობით არსებული კომლის წევრობის შედეგად მოპოვებული თანასაკუთრების ობიექტი.

უცხოელი ვერ შეიძენს 5 ჰა-ზე ნაკლები და 100 ჰა-ზე მეტი ფართობის მიწის ნაკვეთს. იგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებას მოიპოვებს, თუ გააჩნია კანონით გათვალისწინებული მუდმივი ცხოვრების ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა; უცხოელის მიერ საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მსგავსად, სამინისტროს წარუდგენს საინვესტიციო გეგმას და მტკიცებულებას იმის დასადასტურებლად, რომ იგი ნამდვილად ფლობს საინვესტიციო გეგმის მიხედვით განსახორციელებელი კაპიტალდაბანდების მოცულობის შესაბამის მატერიალურ რესურსებს, აგრეთვე - ხელშეკრულებას, რომელიც ადასტურებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობას, ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში.

კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, რომელთა საწესდებო კაპიტალის 50%-ზე მეტს უცხოელი ფლობს, მიწა მხოლოდ 1 წლის ვადით გადაეცემა საკუთრებაში. მათ მიწის გირაოს/იპოთეკის სახით მიღების უფლება იმ დათქმით უნარჩუნდებათ, რომ ქონების საკუთრებაში გადასვლის შემთხვევაში ვალდებულნი არიან, ამ ფაქტის დადგომიდან ერთი წლის განმავლობაში მიწა უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ. თუ ამას არ ჩაიდენენ, მაშინ ეკონომიკის სამინისტროს უნდა აცნობონ და სახელმწიფო დადგენილი ფასის მიხედვით უზრუნველყოფს მიწის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლას.

საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს მიწის საკუთრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ მისი დამფუძნებელი ან აქციათა 50%-ზე მეტის მესაკუთრე საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირია.

ასეთ შეზღუდვებს საპარლამენტო უმრავლესობის 22 დეპუტატის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს. პაკეტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით შეზღუდვებსა და პირობებს აწესებს, ხუთი კანონპროექტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ კანონის მოქმედება მის ძალაში შესვლამდე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში, ეკონომიკის დოქტორი ანზორ მესხიშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების ნებისმიერი ფორმით უცხოელებზე მიყიდვა დაუშვებელია. თუკი გასხვისებას გამონაკლის შემთხვევაში დაუშვებენ, საქმე გვექნება კორუფციასთან.

"აუცილებელია, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ქართული მიწის უცხოელებზე გასხვისება აკრძალულია, ამას ემხრობა მოსახლეობის უმრავლესობა. პირადად მე ვფიქრობ, რომ არავითარი გამონაკლისი არ უნდა დავუშვათ, 1 ჰექტარიც კი, იმისათვის, რომ ქართული მიწა დავიცვათ, აუცილებელია, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ კატეგორიულად იკრძალება მისი უცხოელზე მიყიდვა. თუ გამონაკლის შემთხვევას დაუშვებენ, საქმე გვექნება კორუფციასთან. ვინც უცოელებზე ქართული მიწის მიყიდვას აპირებს, ის უვიცია, ან ქვეყნის მტერი", - განაცხადა მესხიშვილმა.

მიწის საკითხებზე მთავრობის კომპეტენტურობაში ეჭვი ეპარება აკადემიკოს პაატა კოღუაშვილს. იგი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფო არ უნდა ყიდდეს მიწებს, არამედ მისი პრივატიზება უნდა მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებზე. ვიდრე პარლამენტი კანონს მიიღებს, აუცილებელია საკითხში კონკრეტულად გარკვევა და მისი ორიენტირება მიწის დაცვაზე.

"ამ მთარვობის ნდობა მიწის საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება. კანონის შემუშავებაში, რომელიც თითქოს საქართველოს მიწებს იცავს, სპეციალისტებს არ მიუღიათ მონაწილეობა. გადაწყვეტილება მთავრობამ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. ისინი განიხილავენ სასოფლო-სამეურნეო მიწას არა როგორც კულტურას, არამედ როგორც ნივთს და მიძნელდება რამე ვთქვა წინასწარ შედეგებზე. ეს ტევადი დარგია და სანამ კანონს მიიღებენ და ორგანულს დაარქმევენ, ყველაფერს უნდა გადახედონ.

ჩვენ მიწის საკუთრება კი არ უნდა შევზღუდოთ, მიწათსარგებლობაზე მონიტორინგი უნდა დავაწესოთ, ეს არ ესმის ხელისუფლებას. სახელმწიფო არ უნდა ყიდდეს მიწას, არამედ პრივატიზება უნდა მოახდინოს საქართველოს მოქალაქეებზე.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სამეურნეო მიწების უცხოელებზე გადაცემა, გარდა სამშენებლო მიწებისა. აქ შეიძლება გამონაკლისის დაშვება. ისეთი ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ქართულ ეროვნულ საუნჯეზე, ანუ მიწაზე, რომ მათ არც კი აქვთ ინფორმაცია, რას ეხებიან და რას აკეთებენ", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პაატა კოღუაშვილმა.

ნათია ლომიძე

გაზეთი "რეზონანსი"