მომავალი წლიდან თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარისა და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაციისთვის წამახალისებელი გათამაშების მოწყობა აიკრძალება.
აღნიშნული ცვლილება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შევიდა. ცვლილებების თანახმად, იკრძალება თამბაქოს ნაწარმის, აქსესუარისა და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარეაში პრიზებად გამოყენება და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება.
„აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა. ასევე აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარეაში პრიზებად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება,“ - ვკითხულობთ დადგენილებაში.
აღნიშნული ცვლილება 2018 წლის 1 მაისიდან შევა ძალაში.
თაია არდოტელი