მიკროსაფინანსო ორგანიზაციად რეგისტრირების მსურველ პირს მინიმალური განაღდებული კაპიტალის სახით მილიონ ლარზე ნაკლები არ უნდა ჰქონდეს.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანაზე კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტის ავტორი ეროვნული ბანკია.
ცვლილებების თანახმად, კაპიტალი მხოლოდ ფულადი ფორმით უნდა იყოს შევსებული. ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია საქმიანობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ შეამციროს განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა.
„იმისთვის, რომ პირი დარეგისტრირდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციად, მისი განაღდებული კაპიტალის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 1 000 000 (ერთ მილიონ) ლარზე ნაკლები. კაპიტალი მხოლოდ ფულადი ფორმით უნდა იყოს შევსებული. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კაპიტალის ზრდა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ფულადი ფორმით. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციას სამართლებრივი აქტით განუსაზღვროს მთლიანი კაპიტალის მინიმალური ოდენობა და მისი ფორმირების წესი,“ - ვკითხულობთ კანონპროექტში.
კანონპროექტის მიხედვით, განაღდებული კაპიტალი – განცხადებული კაპიტალის ფაქტობრივად შევსებული ნაწილია; განცხადებული კაპიტალი კი – მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქციონერთა/პარტნიორთა მიერ დათქმული და წესდებით გათვალისწინებული კაპიტალია.
თაია არდოტელი