აჭარა ზაფხულის ტურისტულ სეზონს სიახლეებით ხვდება, - აღნიშნულის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმის დეპარტამენტიდან იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, 2017 წლის ტურისტულ სეზონზე სტუმრებს რეგიონში ახალი სასტუმროები, განახლებული საპლაჟო ინფრასტრუქტურა, გაზრდილი საჰაერო ფრენები და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები დახვდებათ.
„სიახლეა ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების კუთხითაც. წელს, პირველად მთიან აჭარაში სტუმრებს საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების გადამზადებული პერსონალი მოემსახურება. ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში 207-მა მეპატრონემ ტრენინგები მომსახურებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების ფუნქციონირების საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით გაიარეს.
გარდა ამისა, ბათუმსა და მთიან აჭარაში მოგზაურობითა და დასვენებით დაინტერესებულ ტურისტებს სრულყოფილ ტურებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსა და ტურისტული პროდუქტების სააგენტოში გადამზადებული გიდები შესთავაზებენ.
რეგიონის სტუმრებს ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მთიანი აჭარის ახლად მარკირებული ტურისტული მარშრუტებიც დახვდებათ. ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ეკო და სოფლის ტურისტული პროდუქტების განვითარების მიზნით 5 მარშრუტის მარკირება-განვითარებას ახორციელებს“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება ტურისტულ სეზონს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიც. 2017 წლის, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 7 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. Fly Dubai, Wings of Lebanon, Anda Air, Small Planet Airlines, Nordavia, Nordstar Airlines და Severstal ფრენებს დუბაიდან, ბეირუთიდან, ვარშავიდან, კიევიდან, მოსკოვიდან, ჩერეპოვეციდან და სანქტ პეტერბურგიდან იწყებს. Tav Georgia-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ჯამში ბათუმის მიმართულებით 22 ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან, ირანიდან, რუსეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ბელორუსიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ამას დაემატება ჩარტერული რეისებიც.
სიახლეა რეგიონში ახალი განთავსების ობიექტების გახსნის მხრივაც. არსებულ 348 რეგისტრირებულ ობიექტს 4 ახალი - სასტუმრო Sky Tower, ვინთემი, „ირე პალასი“ და ,,ბლექ სიი ჰოსტელი“ შეემატა. შესაბამისად, აჭარაში რეგისტრირებული საწოლი ადგილების რაოდენობა 18 950-მდე გაიზარდა.
განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება სეზონს რეგიონის ტურისტულად მიმზიდველი ადგილები: ბათუმის ბულვარი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი.
ბულვარში, ტურისტებს ერთ სტილში მოწყობილი საპლაჟო სექტორი დახვდებათ, თავისი საშხაპეებით, გასახდელებით, ერთნაირი შეზლონგებითა და სანაპიროზე ჩასასვლელი ბილიკებით.
სიახლე დახვდებათ მატარებლით ჩამოსულ ტურისტებსაც. მათ ბათუმი ცენტრალში ახლად გახსნილ საინფორმაციო-ტურისტულ ცენტრში აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ. აჭარაში დამზადებულ სუვენირებს, პროდუქტებსა და მაღალმთიანი აჭარის მიმართულებით კონკრეტულ ტურებსაც ისინი ადგილზე შეიძენენ.
2017 წლის ზაფხული კულტურული და გასართობი პროგრამების მრავალფეროვნებითაც გამორჩეული იქნება. ქალაქი უმასპინძლებს ყველა იმ საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც ბათუმთან ასოცირდება: შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი, ანიმაციური ფილმების ფესტივალი "თოფუზი", კლასიკური მუსიკის ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი და შემოდგომაზე საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი BIAFF.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოსაზიდად მარკეტინგულ და სარეკლამო კამპანიებს წელს 16 სამიზნე ქვეყანაში ახორციელებს. შესაბამისად, რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდასაც აღნიშნული ქვეყნებიდან ელოდებიან.