პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც კომერციული ბანკების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს გულისხმობს. პროექტის ავტორი ეროვნული ბანკია.
ცვლილებების თანახმად, კომერციულ ბანკს ეკრძალება პირდაპირ ან არაპირდაპირ ნებისმიერი ოდენობით ფლობდეს წილს იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის ფინანსური ინსტიტუტი ან მისი საქმიანობა არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან ბანკის სოციალურ პროექტებთან.
„აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად დილინგური ოპერაციების განხორციელებისათვის განკუთვნილ ფასიან ქაღალდებზე. კომერციულმა ბანკმა საქართველოს ფარგლებს გარეთ ინვესტიციების განხორციელებისას ეროვნულ ბანკს უნდა დაუსაბუთოს, რომ ინვესტიციების განხორციელების ქვეყნის კანონმდებლობა არ ზღუდავს ეროვნული ბანკის მხრიდან ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების, მათ შორის, შესაბამის საზედამხედველო ორგანოებს შორის ინფორმაციის მიმოცვლის შესაძლებლობას,“ - ვკითხულობთ კანონპროექტში.
როგორც პროექტის განმარტებით ბარატში ვკითხულობთ, „კომერციული ბანკი უფლებამოსილი იქნება ეროვნული ბანკის ნებართვის გარეშე პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობდეს იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალის წილის არაუმეტეს 20 პროცენტისა, თუ ბანკის წილი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ აღემატება, ხოლო ეროვნული ბანკის წერილობითი ნებართვის საფუძველზე შექმნას ან/და შეიძინოს საწარმო, რომელშიც მისი მონაწილეობა აღემატება 20%-ს. ამ შემთხვევაში, ნებართვაში თითოეული ასეთი საწარმოს მიხედვით დათქმული უნდა იყოს საქმიანობის სახეობა, რომლის განხორციელებაც მას შეეძლება, ხოლო ეს წილი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს“.
თაია არდოტელი