ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა.
მიხეილ ჩოხელის გადაწყვეტილების მიზეზი კაფე ”ელ ცენტროში” ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესა და გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის მომხდარი ინციდენტია. მიხეილ ჩოხელი ინციდენტისას ოთარ ფარცხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
”საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი კლუბ “ელ ცენტროში” განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელზეც დაწყებულია გამოძიება და ხსენებულ საქმეზე გამოკითხული ვარ მოწმის სახით. ჩვენ ყველანი გავხდით მოწმეები ამ ფაქტთან დაკავშირებით სხვადასხვა ანგაჟირებული პირების მხრიდან სუბიექტური და დაუსაბუთებელი განცხადებების, მათ შორის პირადად ჩემ წინააღმდეგ. მე არაერთი წელია რაც ვარ საჯარო მოხელე, ვმუშაობდი ძირითადად სამართალდამცავ უწყებებში და კარგად ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ამდენად, ვინაიდან მე მონაწილე ვარ ამ ინციდენტის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი დანაშაული არ მიმიძღვის, იმისათვის რომ ჩრდილი არ მიადგეს საჯარო სამსახურს და კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რომლის თითოეული თანამშრომელი კეთილსინდისიერად ემსახურება ქვეყანას და ეს სამსახური ჩემთვის ძალიან ძვირფასია, მივიღე ჩემთვის საკმაოდ მტკივნეული გადაწყვეტილება და მიზანშეწონილად ჩავთვალე პირადი განცხადებით დამეტოვებინა თანამდებობა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია სრულად მივაწოდე სამართალდამცავებს და იმედს გამოვთქვამ, რომ მოკლე დროში დასრულდება გამოძიება და წერტილი დაესმება ფაქტის ირგვლივ არსებულ სპეკულაციებს”, - ნათქვამია მიხეილ ჩოხელის განცხადებაში.