გვაქვს შემთხვევები, როცა წვევამდელები სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით თვითდაზიანებას მიმართავენ , - ამის შესახებ გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
სესიაშვილის ინფორმაციით, გამწვევი კომისიების მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ასეთი 1500-2000 შემთხვევა ფიქსირდება.
”კანონში დაგეგმილი ცვლილებები მათ შორის არის გაფრთხილება წვევამდელებისთვის, რომ თვითდაზიანების ან ავადმყოფობის სიმულაციის შემთხვევაში და ამ გზით სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის თავის არიდების მცდელობისთვის ისინი დაისჯებიან. მეორეს მხრივ, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებ, მეტი ყურადღება გაამახვილონ, რომ პრევენციულად აღკვეთონ ასეთი არაკანონიერი ქმედებები”, - განაცხადა სესიაშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ იგეგმება გაწვევის სისტემის შეცვლა და ამ მიმართულებით რეფორმების განხორციელება. სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ზუსტდება, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდებად, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით, წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის ავადმყოფობის სიმულაციის, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე.
პროექტის ავტორი და ინიციატორია თავდაცვისა და უშიროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.
თავის მხრივ, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ”გირჩის” მიერ რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირებას უკავშირდება, რომლის შექმნის მიზანს ახალგაზრდებისათვის სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისგან თავის არიდებაში დახმარება წარმოადგენს.