2 ივნისიდან 6 ივნისის ჩათვლით „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმურ სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, როგორც „ენერგო-პრო ჯორჯია“ იუწყება, მოხდება წყალსაცავების გარეცხვა, რაც მიზნად ისახავს წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვისა და ნატანის გატანა-გაწმენდას. აღნიშნული სამუშაოები განხორციელდება ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით.
გარეცხვითი სამუშაოები განხორციელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის დოკუმენტის და კანონმდებლობით დადგენილი გარემოსდაცვითი ნორმების გათვალისწინებით. სამუშაოები შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან. გარეცხვითი სამუშაოები გაგრძელდება 4 დღის განმავლობაში, რაც გამოიწვევს ზაჰესის 4-დღიან და ორთაჭალჰესის 3-დღიან გაჩერებას.
ამასთან, ორთაჭალჰესის წყალსაცავის გარეცხვა ხდება ზაჰესის წყალსაცავის გარეცხვის პარალელურად. შედეგად, თბილისში და მცხეთაში, მდინარე მტკვარის კალაპოტში წყლის დონე დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
„ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ ყოველწლიურად ატარებს კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესების წყალსაცავების გაწმენდით სამუშაოებს.