„რეზონანსი" - სათამაშო ბიზნესი და ბანკები ბევრს იღებენ და ცოტას იხდიან

ყველაზე მომგებიან ბიზნესებს საქართველოს ბიუჯეტში ყველაზე ნაკლები თანხა შეაქვს.

ბანკებისა და აზარტული თამაშებიდან შენატანი საბიუჯეტო შემოსავლების მხოლოდ თითო-თითო პროცენტია. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ამ დროს აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა შარშან 4,235 მლრდ ლარი შეადგინა, მოგებამ - 363 მლნ ლარი, ბიუჯეტმა კი მხოლოდ 109 მლნ ლარი მიიღო. ზუსტად იგივე ვითარებაა ბანკების მხრივაც, მიუხედავად იმისა, რომ ბანკებმა 2016 წელს 679 მლნ ლარის წმინდა მოგება მიითვალეს, ბიუჯეტში მხოლოდ 79 მლნ ლარი გადაიხადეს.

აღსანიშნავია, რომ აზარტული თამაშები და საბანკო სფერო ყველაზე მომგებიანი მიმართულებაა საქართველოში. 2016 წელს ბანკების შემოსავალი 2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა 4 მილიარდს გადააჭარბა. მოგების მაჩვენებლითაც ეს ორი სფერო წარმოუდგენელ სიმაღლეზეა. შარშან ბანკებმა და სათამაშო ბიზნესმა ჯამში 1 მლრდ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღეს. ისინი უპირობო ლიდერები არიან.

რაც შეეხება საბიუჯეტო შენატანებს, აქ აბსოლუტურად განსხვავებული ვითარებაა. ორივე სექტორიდან ქვეყნის ხაზინაში ძალიან ცოტა თანხა შედის.

წელს, ახალი დაბეგვრის რეჟიმიდან გამომდინარე, სათამაშო ბიზნესიდან საბიუჯეტო შენატანები ცოტათი გაიზარდა. თუ შარშან, პირველ კვარტალში ამ ბიზნესიდან ბიუჯეტმა 17,882 მილიონი ლარი მიიღო, წელს 3 თვეში თანხამ 33,858 მილიონი ლარი შეადგინა. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის შემოსავლებში სათამაშო ბიზნესის წილი 1,4%-ს არ აღემატება. კიდევ უფრო მცირე იყო 2016 წლის 3 თვეში - 0,8%.

საბანკო სექტორის შემთხვევაშიც ანალოგიური ვითარებაა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებიდან ჩანს, 2016 წელს ყველა კომერციულმა ბანკმა ერთად ბიუჯეტში 79 მლნ ლარი შეიტანა, 2015 წელს - 67 მლნ ლარი, 2014-ში - 79 მლნ ლარი, 2013-ში - 44 მლნ ლარი.

ცხადია, საქართველოს მოსახლეობას სულ არ აინტერესებს, თუ რა მოგება აქვს კომრეციულ ბანკს ან აზარტულ ბიზნესს, რადგან ეს არის კერძო მოგება და მათ ჯიბეში მიდის, ხალხს ის უფრო აინტერესებს, რა რაოდენობით თანხა გადაინაცვლებს საერთო ჯიბეში, ანუ ბიუჯეტში. იქ კი, როგორც ვხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა თანხა შედის.

სპეციალისტების განმარტებით, ბიზნესის თამაშის წესები უნდა განსაზღვროს სახელმწიფომ უხეში ჩარევის გარეშე და ამ მიმართულებით ხელისუფლებას კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება აუცილებლად მოუწევს.

ანალიტიკოს ვახტანგ ჭარაიას თქმით, გაცილებით მეტი პრობლემაა ის, რომ საბანკო სექტორი არ ახდენს გავლენას ეკონომიკის განვითარებაზე, რაც საბოლოო სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

"ჩვენ თუ ავიღებთ საბანკო სექტორის აქტივებს და საქართველოს ეკონომიკას შევადარებთ, დაახლოებით, თანაბარია. ამ მხრივ სათამაშო ბიზნესს აშკარად მეტი უპირატესობა აქვს. როგორც ცნობილია, მათი აზარტული თამაშების სეგმენტში შემოსავლები 4 მილიარდის ოდენობისაა. ეს ძალიან დიდი თანხაა, რაც ბიუჯეტის შემოსავლების პროპორციული არ არის. აქტივები ბევრი აქვს საბანკო სექტორსაც, მაგრამ საბიუჯეტო შენატანი დიდი არ არის. ცხადია, გადასახადებს არ მალავენ, იხდიან იმდენს, რის ვალდებულებაც აკისრიათ.

გაცილებით მეტი პრობლემაა, რომ საბანკო სექტორი არ ახდენს ეკონომიკის ზრდაზე გავლენას და არ ზრუნავს ამ ბიზნესის განვითარებაზე. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს თვითონ ბანკებს შეუქმნის პრობლემას. ეს არის აქ მთავარი და არა ის, თუ რამდენს იხდიან ბიუჯეტში", - აცხადებს ჭარაია და დასძენს, რომ დღესდღეობით ქვეყანაში დაბეგვრის რეჟიმი არის საკმაოდ რბილი და ეს არის მიზეზი, რის გამოც ბანკებისა და სათამაშო ბიზნესის შენატანი ბიუჯეტში მწირია.

"დასაბეგრი ბაზა თუ გამკაცრდება, ცხადია, შემოსავალიც მეტი იქნება. ერთადერთი გამოსავალი, შეიძლება ითქვას, განაკვეთების გაზრდაა, მაგრამ ეს არ არის იოლი. გადასახადების მატება რეალურად გამოიწვევს სხვა სახის პრობლემას, თანამშრომლების დათხოვნას სამსახურიდან ან სხვა გზით ეკონომიის გაწევას ისე, რომ ბიზნესს მოგება არ შეუმცირდეს. საბოლოოდ იგი ბევრ უსიამოვნო პროცესს წარმოშობს როგორც საბანკო სექტორისთვის, ასევე აზარტული თამაშების ბიზნესშიც.

ასეა თუ ისე, სახელმწიფოს კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება მაინც მოუწევს, მაგრამ არც ბიზნესი უნდა დაზარალდეს და არც ადამიანები, რომლებიც ამ სექტორში არიან დასაქმებული", - განუცხადა "რეზონანსს" ჭარაიამ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"