მიკროსაფინანსოების საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება
პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები იგეგმება. პროექტის ავტორი ეროვნული ბანკი, ხოლო პარლამენტში ინიციატორი - საქართველოს მთავრობაა.
ცვლილებების მიხედვით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს საგადახდო მომსახურების პროვაიდერის აგენტის ფუნქციის შესრულებისა და ფართის იჯარით გაცემის უფლებამოსილება ემატება.
გარდა ამისა, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, კრედიტორთა ინტერესების დაცვის მიზნით, კანონს ასევე ემატება მუხლი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებს დაარეგულირებს და ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკისა და ლიკვიდატორის უფლებამოსილებებს განსაზღვრავს.
„მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდაცია ხდება. ლიკვიდატორის ფუნქციებს ეროვნული ბანკის მიერ დანიშნული პირი ასრულებს. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება იძულებითი აღსრულება. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით ეროვნული ბანკის წინაშე არის ანგარიშვალდებული. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი უფლებამოსილია საჯარო აუქციონზე გაყიდოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები ან ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით აირჩიოს რეალიზაციის სხვა ფორმა, ასევე, აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, საფინანსო სექტორის წარმომადგენელს გადასცეს სესხებზე ან სხვა საფინანსო აქტივებზე მოთხოვნის უფლება და ორგანიზება გაუწიოს აღნიშნული ვალდებულებათა გადაცემას. ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ლიკვიდატორი უფლებამოსილნი არიან სასამართლოში სარჩელის შეტანით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ადმინისტრატორის მიერ ლიკვიდატორის დანიშვნამდე ერთი წლით ადრე განხორციელებული ქმედება ან გარიგება სადავო გახადონ და მათი ბათილობა მოითხოვონ თუ ამის შედეგად მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა პირებმა ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია მიკროსაფინანსო ორგანიზაციისათვის ან/და მისი კრედიტორებისათვის ზიანის მიყენება“, - ნათქვამია კანონპროექტში.
თაია არდოტელი