სახელმწიფო აუდიტის სამსახური უწყების მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიში მედიას დღეს გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილე ნინო ლომჯარიამ წარუდგინა.
როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, 2016 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტორული შემოწმება ჩაატარა ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ისეთ სფეროებში, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების მოცულობიდან გამომდინარე, ხასიათდება მომატებული რისკებითა და მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესებით. შესწავლილ იქნა ისეთი სექტორები, როგორებიცაა, ჯანდაცვა, განათლება, თავდაცვა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, ეკონომიკა და სხვა სფეროები. სულ სამსახურმა ჩაატარა 71 აუდიტი, რამაც ჯამში მოიცვა 10.3 მილიარდი ლარის ხარჯი.
„ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების საერთო მოცულობამ 71 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის: - შესყიდვების მართვის მიმართულებით არსებული ხარვეზების მოცულობამ - 32 მილიონ 8 ათასი ლარი; - საბიუჯეტო რესურსების მართვის მიმართულებით - 33 მილიონ 4 ათასი ლარი; - აქტივების მართვის მიმართულებით - 5 მილიონი ლარი“, - განაცხადეს აუდიტის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, ხარვეზების გამოსასწორებლად გაიცა 189 რეკომენდაცია.
„ამ დროისათვის შესრულებულია რეკომენდაციების 47%. მაღალპრიორიტეტული რეკომენდაციების მაჩვენებელი დღეისათვის მხოლოდ 22%-ით განისაზღვრება. გასულ წელს რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი 40%-ით განისაზღვრებოდა, თუმცა წინა წელთან შედარებით მზარდი მაჩვენებელია თუმცა, შესრულების მაჩვენებელი არ არის მაღალი და მისი გაუმჯობესება საჭიროებს მეტ ძალისხმევას. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ აუდიტორული საქმიანობის სარგებელი გამოიხატება არა მარტო რეკომენდაციების გაცემაში, არამედ - მათ შესრულებაში.
2016 წელს სამართალდამცავ ორგანოებში გადაიგზავნა 27 აუდიტის ანგარიში და შესაბამისი მასალები“, - აღნიშნეს უწყებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მათთვის 2016 წელი გამოირჩეოდა მნიშვნელოვანი წარმატებებით.
„კერძოდ: • სამსახურმა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეასრულა ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება; • წარმატებით განხორციელდა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამით ნაკისრი ვალდებულებები, რის შედეგადაც სახელმწიფო ბიუჯეტი ევროკავშირისგან მიიღებს 1.5 მილიონ ევროს; • სამსახურის საქმიანობამ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის კუთხით საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მაღალი შეფასება დაიმსახურა; • 2016 წელს აუდიტის სამსახურმა შექმნა მსოფლიოს მასშტაბით უნიკალური და ინოვაციური ელექტრონული ვებპორტალი - „ბიუჯეტის მონიტორი“, რომელიც პარლამენტარებს, ექსპერტულ წრეებსა თუ ნებისმიერ დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას ერთ სივრცეში, მარტივად აღქმადი ვიზუალიზაციის გზით, ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე საჯარო რესურსების მართვის თაობაზე; • სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასულ წელსაც აქტიურად თანამშრომლობდა უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების საერთაშორისო და რეგიონულ გაერთიანებებთან (INTOSAI, EUROSAI, ASOSAI); • აღსანიშნავია, რომ აუდიტის სამსახურმა ამერიკის უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციასთან დაიწყო თანამშრომლობა საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის განვითარების მიზნით. საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის მიმართულების ხელშესაწყობად, სამსახურმა გასულ წელს შექმნა IT აუდიტის სამსახური. • პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 150-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა საერთაშორისო დონის ტრენინგები აუდიტის დარგში, სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო 34 სტუდენტმა გაიარა სტრაჟირების პროგრამა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
2016 წელს, წინა წელთან შედარებით, გაძლიერდა ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება პარლამენტის როლის გაძლიერება რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში“, - განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.