სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შემოწმებულ რამდენიმე მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო სახსრები დახარჯულია ისეთ პროექტებზე, რომლებიც დასრულებული არ არის.
როგორც აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, ხარვეზები იკვეთება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების სისრულეში, მშენებლობის პროცესების კონტროლში და სხვა. შედეგად, საბიუჯეტო სახსრები გადახდილია ისეთ პროექტებში, რომლითაც მოსახლეობა ვერ სარგებლობს.
”მაგალითად, 2014-2015 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შესყიდულია 4 საბავშვო ბაღის მშენებლობის, ელექტროწისქვილის მოწყობის, ტრანსფორმატორის შეძენა-მონტაჟის სამუშაოები - ღირებულებით 212 ათასი ლარი. 2016 წლის ივნისის მდგომარეობით, პროექტი არ იყო დასრულებული და ვერ სარგებლობდა მოსახლეობა. 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა შეისყიდა 92.0 ათასი ლარის სარიტუალო სახლების, წყლის სისტემებისა და წისქვილების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც 2015 წლის ივლისის თვის მდგომარეობით დასრულებული არ იყო და ვერ სარგებლობდა მოსახლეობა”, - ნათქვამია აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.
ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. 137-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.