მიღებების, ფურშეტების, წვეულებებისა და სარესტორნო მომსახურებაზე გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების საჭიროება არ არის სათანადოდ დასაბუთებული მუნიციპალიტეტების მიერ , - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, არ არის იდენტიფიცირებული სტუმრების ვინაობა და რაოდენობა. ასევე, თანხები დახარჯულია სახელმწიფო უწყებების სხვადასხვა თანამდებობის პირების კვების ორგანიზებისათვის.
”მაგალითად, 2013-2014 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ”წარმომადგენლობითი ხარჯების“ მუხლიდან რესტორნის მომსახურებაზე, დაუსაბუთებლად არის გაწეული 21.5 ათასი ლარი. 2014-2015 წლებში, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულება იმის შესახებ, თუ რა სახის ღონისძიებასთან დაკავშირებით იქნა გაწეული 14.2 ათასი ლარის ოდენობის სარესტორნო ხარჯი”, - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში.
ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. 137-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.