სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კოორდინატორის ვახტანგ კობალაძის ინფორმაციით, აფთიაქებიდან აღებული სათამაშოების ნიმუშებიდან არც ერთში არ აღმოჩნდა მავნე ნივთიერების გადაჭარბება , ხოლო მაღაზიებიდან ამოღებულ ნიმუშებში იყო სერიოზული გადაჭარბება.
როგორც კობალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ორგანიზაციამ კვლევა ჩაატარა 2016 წლის ოქტომბრიდან, 2017 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდში.
”ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით 4 კამპანია განვახორციელეთ, ავიღეთ სათამაშოების 40 ნიმუში და მათგან 24 -ში აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ დადგენილი მავნე ნივთიერებების გადაჭარბება. ეს ნივთიერება უშუალოდ ზეგავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე, მოქმედებს ბავშვის რეპროდუქციულ ფუნქციონირებაზე და თირკმელებზე. ეს არ ახდენს მყისიერ რეაგირებას ბავშვის ჯანმრთელობაზე, აქედან გამომდინარე შეუძლებელია იმის თვალსაჩინოდ გარკვევა, რაიმე ზიანი მიადგა თუ არა ბავშვს, მაგრამ წლების განმავლობაში შეხების შემთხვევაში იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას. ნიმუშები ავიღეთ თბილისის სხვადასხვა მაღაზიებში, ეს იყო 14 მაღაზია და 4 აფთიაქი. კარგი ამბავი ის არის, რომ აფთიაქებში აღებული ნიმუშებიდან არც ერთში არ აღმოჩნდა მავნე ნივთიერების გადაჭარბება, ხოლო ყველა დანარჩენ შემთხვევაში იყო სერიოზული გადაჭარბება”, - განაცხადა ვახტანგ კობალაძემ.
მისი ინფორმაციით, ზოგიერთ სათამაშოზე დატანილი იყო ნიშანი, რომელიც აღნიშნავს, რომ სათამაშო შეესაბამება ევროკავშირის მოთხოვნებს, თუმცა ბევრი ასეთი სათამაშო რომელსაც ნიშნები ჰქონდა, ნორმების შესაბამისი არ იყო.
კობალაძის მტკიცებით, კვლევისას აქცენტი გაკეთდა ძირითადად იაფფასიან სათამაშოებზე.
როგორც პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა თამარ გობეჯიშვილმა განაცხადა, შესწავლილი ყველა სათამაშო ჩინური იყო, ნაწილი რომელიმე ევროპული ქვეყნის დაკვეთით შესრულებული.
ქართული პროდუქცია კვლევაში არ მოხვდა.