აუდიტის სამსახური - ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ

ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და ლიმიტებს არ აკმაყოფილებენ , - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში წერია.

სახელმწიფო ავტოპარკის მართვის ხარჯებთან დაკავშირებული საკითხის დარეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2014 წელს დადგენილება მიიღო, რომელიც განსაზღვრავს ავტომობილების კლასებს და კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს. დადგენილების მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა დაწესებულებას დაევალა მათ მფლობელობაში არსებული ავტოპარკის ოპტიმიზაციის გეგმის შემუშავება და წარდგენა მთავრობის კომისიისათვის, 2014 წლის 1 აპრილამდე.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, მხარჯავი უწყებების მიერ ოპტიმიზაციის გეგმების მომზადება და კომისიისთვის წარდგენა ზემოხსენებულ ვადებში განხორციელდა, თუმცა წარდგენილ ოპტიმიზაციის გეგმებში არსებული ხარვეზების გამო, უწყებებს განახლებული ოპტიმიზაციის გეგმების წარმოდგენა დაევალა. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოველწიურ ანგარიშშია ნათქვამი, რამდენადაც ახალი ოპტიმიზაციის გეგმების კომისიისათვის მიწოდების კონკრეტული ვადა განსაზღვრული არ იქნა, მიმდინარე მდგომარეობით, დამტკიცებულია მხოლოდ 5 სამინისტროს ოპტიმიზაციის გეგმა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო სექტორში ავტოპარკის მართვის ანალიზის შედეგად შემდეგი სისტემური ხასიათის ხარვეზები გამოიკვეთა:

ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციების შემთხვევაში ფიქსირდება განპიროვნებული ავტომობილებით თანამდებობასთან შეუსაბამოდ სარგებლობის ფაქტები.

ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წლის განმავლობაში შესყიდული ავტოსატრანსპორტო საშუალებები მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და ლიმიტებს არ აკმაყოფილებენ.

გარკვეული საბიუჯეტო ორგანიზაციების ფარგლებში, ზოგიერთ ავტომანქანაზე არ ხდება საწვავის ლიმიტების განსაზღვრა, რაც უწყების მიერ ავტომობილების საწვავით უზრუნველყოფისათვის საჭირო ხარჯების დაგეგმვასა და მათ შემდგომ მონიტორინგს ართულებს.

გარკვეული უწყებების შემთხვევაში, ბალანსზე აღრიცხულია ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა გამოყენება მთელი წლის განმავლობაში არ მომხდარა.

აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიში პარლამენტს უკვე წარედგინა. 137-გვერდისგან შემდგარი დოკუმენტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.