ეროვნულმა ბანკმა ვიდეორგოლი - „გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაზოგეთ სწორად და იზრუნეთ ხვალინდელზე დღეს“ შექმნა

ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლებისთვის ვიდეორგოლი - „გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაზოგეთ სწორად და იზრუნეთ ხვალინდელზე დღეს“ შექმნა.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ფინანსური ბაზრის მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს. მომხმარებელთა დაცვის ეფექტური ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი კი ფინანსური განათლებაა. მოსახლეობაში ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით, ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა კვლევებსა და აქტივობებს.

„მომხმარებელთა დაცვის და ფინანსური განათლების კუთხით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოსახლეობაში ფულის გონივრულად დაზოგვის კულტურის ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით ეროვნულმა ბანკმა გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) მხარდაჭერით, შეიმუშავა სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ სივრცისთვის განკუთვნილი ვიდეო და აუდიო მასალა, რაც ხელს შეუწყობს საყურადღებო ინფორმაციის მიზნობრივ სეგმენტამდე ეფექტურად მიტანას“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

გარდა ამ ვიდეორგოლისა, სებ-მა და SBFIC-მ ასევე განავითარეს ვებ-ბანერი, რომელიც მომხმარებლების ყურადღების მიპყრობასა და მათთვის გამაფრთხილებელი ინფორმაციის მარტივად გასაგები გზით მიწოდებას ემსახურება. ვებ-ბანერი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გადავიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სადაც თანხების გონივრულად დაზოგვის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ.