პარლამენტი ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომელიც ნაკლებად მძიმე ეკონომიკური სახის დანაშაულზე წინასწარი პატიმრობის, როგორც დანაშაულის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითვალისწინებს.
აღნიშნული ინიციატივა ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძემ წარადგინა.
პროექტი ”სისხლის სამართლის კოდექსის” 44-ე მუხლს ეხება და როგორც ინიციატორმა განმარტა, ითვალისწინებს წინასწარი პატიმრობის გაუქმებას ისეთ ეკონომიკურ დანაშაულზე, როგორიც არის მაგალითად, სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, ცრუ მეწარმეობა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო გადაზიდვა ან გასაღება, ბუღალტრული აღრიცხვის წესის დარღვევა, უკანონო ქმედება გადახდისუუნარობისას, საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, კრედიტის უკანონოდ მიღება, ყალბი საკრედიტო ბარათის ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება/გასაღება ან გამოყენება, ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესის დარღვევა, ეკომარკით უკანონოდ სარგებლობა, ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება/გამოყენება, ყალბი რეკლამა, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების ნიშნის გარეშე გამოშვება, რეალიზაცია.