სოფლის მეურნეობის მინისტრი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო-ირანს შორის აგრარული მიმართულებით თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

”შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა ირანის ელჩს სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით შემუშავებული პროგრამები და სოფლის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბრისას ლევან დავითაშვილმა საქართველოში საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქტების წარმოების ზრდის ხელშეწყობასა და ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ირანის რესპუბლიკასთან თანამშრომლობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აკვაკულტურის განვითარების, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს”, - ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა აღნიშნა, საქართველოსთან თანამშრომლობა ირანული მხარისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავების მზაობა არსებობს.