საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, 2-3 ივნისს, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, საქართველოში პირველად ფრენჩაიზინგის საერთაშორისო გამოფენა- BUYBRAND Transcaucasia იმართება.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა საშუალო და მცირე ბიზნესისთვის კავკასიის რეგიონში. გამოფენაზე წარმოდგენილია 30-ზე მეტი ბრენდი მათ შორის: Shokoladnitsa, Baskin Robbins, Coffee House, Shikari, Il Patio, Papa John’s, ფიტნეს-ცენტრების ქსელი FIT powered by X-BODY, Fit’n’Go, სამედიცინო ლაბორატორიული ქსელი INVITRO და Gemotest, საერთაშორისო სასტუმროების ქსელი Best Western Hotels & Resorts და მრავალი სხვა.
ორგანიზატორთა განმარტებით, საქართველოში უახლოეს წლებში ტურისტული ნაკადის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი და შესაბამისად იზრდება მოთხოვნა ფრენჩაიზებზე კაფეების, რესტორნების, სწრაფი კვების ობიექტებისა და სასტუმროების მიმართულებით. ამიტომ გამოფენაზე განსაკუთრებით ხაზგასმულია ფრენჩაიზინგის კონცეფციის თემატიკა HORECA სისტემაში, რომელიც მოიცავს სასტუმროებს, კაფეებს, რესტორნებს, სწრაფი კვების ქსელებს ასევე მომსახურების სფეროს პროექტებს.
ორდღიან გამოფენასთან ერთად იმართება ბიზნეს-ფორუმიც, სადაც სიტყვით მსოფლიო ფრენჩაიზინგის წამყვანი კომპანიების პირველი პირები გამოვლენ, ასევე ფრენჩაიზინგის სფეროს ექსპერტები და კონსულტანტები. მათთვის, ვინც გამოფენაზე თბილისში ჩამოსვლას ვერ შეძლებს, მუშაობს სპეციალური აპლიკაცია ტელეფონებისთვის „EXPOWL“, რომელიც იძლევა საშუალებას ნებისმიერი ქვეყნიდან მსურველები ჩაერთონ ღონისძიებაში და სტენდები დაათვალიერონ.
გამოფენის მხარდამჭერის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.